არ მეგონა, რომ ამის ახსნა დამჭირდებოდა - რესან ქიქავა
ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში წერს:
"არ მეგონა, რომ ამის ახსნა დამჭირდებოდა.
თუმცა როგორც ჩანს ბევრს გამორჩა, თუ ვერ მიხვდა რა მოხდა და მეკითხებიან, რატომ აღარ “ვჩანვარ" სამოქალაქო/პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ აქვე დავწერ.ცოტა ხსნის წინ, საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც, მარტივი ენით რომ ვთქვათ, უკრძალავს ბიზნესის წარმომადგენელს, ნებისმიერ საჯარო აქტივობას, რაც პირდაპირ არ არის დაკავშირებული მის ამჟამინდელ საქმიანობასთან.
კიდევ უფრო მარტივად, ბიზნესმენს წაერთვა, მათ შორის, აზრის გამოხატვის თავისუფლება, უფლება საჯაროდ ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც მის ბიზნესს არ ეხება… ალბათ დაგაინტერესებთ, როგორ “სიმძიმეს" ანიჭებს კანონმდებელი ბიზნესმენის მხრიდან ასეთ “საზოგადოებისთვის საშიშ” ქმედებას.
თუ, ზოგადად კანონმა საკმარისად არ აღგაშფოთად, სავარაუდოდ თავში გაგიელვებთ ადმინისტრაციული კოდექსი, ჯარიმა.მაგრამ შეცდებით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ჯარიმაც, ბიზნესის ლიკვიდაციაც და თავისუფლების აღკვეთაც, ვადით…4 წლამდე.
ბიზნესის დახურვა და თავისუფლების აღკვეთა 4 წლამდე… აზრის საჯაროდ გამოხატვისთვის. ანტიკონსტიტუციურია? წარმოუდგენელია? როგორ ქვეყანაში შეიძლება ეს მოხდეს?ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს სამწუხაროდ ვეღარ მოგახსენებთ:)
ჩემი სამოქალაქო აქტივობის ერთადერთი მიზანი იყო, საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბიზნეს საზოგადოებაში, გაზრდილიყო სამოქალაქო თვითშეგნება, გაჩენილიყო სოლიდარობის განცდა, რომ ყველას ერთად დაგვეცვა ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დაგვეცვა საქართველოს, როგორც თავისუფალი ქვეყნის “იდეა”, რომელიც ძვირფასია ჩვენთვის და დაგვეცვა ის ადამიანებიც, ვისთვისაც მხოლოდ კარგი გვემეტება.
ბევრმა მომისმინა, გაიზიარა ჩემი ხედვა და მხარი დამიჭირა, რისთვისაც მადლობელი ვარ.იყვნენ ისეთებიც, ვინც მიმტკიცებდა რომ ბიზნესმენმა, ბიზნესს უნდა მიხედოს და საზოგადოებრივი, სამოქალაქო, პოლიტიკური ცხოვრება მისი საქმე არ არის…“ამ ქვეყნის შვილობის” და "საქართველოს გაუმარჯოს" სენტიმენტებს თავი რომ დავანებოთ, როცა გადასახადებს იხდი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების უმრავლესობა შენს ბიზნესზე პირდაპირ, თუ ირიბად აისახება, ქალაქის ჰაერს სუნთქავ, აქვე საკვებს მიირთმევ, სახელმწიფო სერვისებით და ინფრასტრუქტურით სარგებლობ…
შენი თანამშრომლები, მომხმარებლები, პარტნიორები, შენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ამ სივრცეში არიან, ამ განათლებით, ჯანდაცვით სარგებლობენ, ეს არაფერი არ გეხება? კეთილი.არ მინდა ვინმეს ქმედება, თუ უმოქმედობა განვსაჯო. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, საზრუნავი და გადაწყვეტილებები.მეც ყოველთვის ვცდილობდი და ვეცდები ვაკეთო ის, რაც მე მიმაჩნია სწორად."