თუ ქრისტიანული სწავლებით პასუხისმგებელია არა მხოლოდ ის, ვინც შესცოდა, არამედ ისიც, ვისგანაც მოდის საცდური, მაშინ კითხვა მხოლოდ ხელისუფლებას აღარ ეხება - გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
„თუ ქრისტიანული სწავლებით ცოდვილი მხოლოდ ის არ არის, ვინც შესცოდა, არამედ ისიც, ვისგანაც მოდის საცდური, მაშინ ერთი კითხვა ჩნდება: თუნდაც ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ხელისუფლების მიერ დაკავებული ყველა სინდისის და პოლიტიკური პატიმარი მართლაც დამნაშავეა (მიუხედავად მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებების აბსურდულიბისა), ვინ შექმნა ის გარემო, რომელმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა?
თუ დანაშაულის პროვოცირება, ზეწოლა ან უსამართლო გარემოს შექმნა თავად ხელისუფლების ქმედებების შედეგია, მაშინ ქრისტიანული გაგებით პასუხისმგებლობა მხოლოდ ბრალდებულებს აღარ ეკისრებათ.
და მაშინ ჩნდება კითხვა: ქრისტიანული მორალის, ეკლესიისა და ტრადიციების დაცვის სახელით მოქმედი პოლიტიკური ძალა ამავე ქრისტიანული სწავლების თვალსაზრისით თავად ვინ გამოდის?
და აქვე, თუ ქრისტიანული სწავლებით პასუხისმგებელია არა მხოლოდ ის, ვინც შესცოდა, არამედ ისიც, ვისგანაც მოდის საცდური, მაშინ კითხვა მხოლოდ ხელისუფლებას აღარ ეხება.
ის საქართველოს საპატრიარქოსაც ეხება. რამდენად შეესაბამება იმ რელიგიური ინსტიტუციის პოზიცია, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს ეკლესიას უწოდებს, იმ სწავლებას, რომელსაც ქადაგებს? როდესაც უსამართლობაზე დუმს, ან მას ამართლებს, ეს ქრისტეს მხარეს დგომაა თუ ძალაუფლების?“