ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა
ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა.
ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2 წელი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ 2025 წლის 4 თებერვალს ცნო.
კუჭუაშვილს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
გიორგი კუჭუაშვილის ბრალი სააპელაციო სასამართლომ გადააკვალიფიცირა და 4 წლის ნაცვლად მას 2 წელი განუსაზღვრა, – ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო.
მოსამართლემ კუჭუაშვილისთვის ბრალად წარდგენილი პოლიციელზე თავდასხმის მუხლი [სსკ-ის 353 პრიმა მუხლი] პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადააკვალიფიცირა [სსკ-ის 353-ე მუხლი] და სასჯელის ზომად და სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ფოტო: პუბლიკა