საზოგადოება
    2026-05-09 | 07:02

    “ჩვენ ვითხოვთ არა პრივილეგიას, არამედ თანასწორობას, სამართლიანობას და იმავე სამართლებრივ მიდგომას, რომელიც სხვა მედიასაშუალებების მიმართაა გამოყენებული” - ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" პასუხი შემოსავლების სამსახურს

    “ჩვენ ვითხოვთ არა პრივილეგიას, არამედ თანასწორობას, სამართლიანობას და იმავე სამართლებრივ მიდგომას, რომელიც სხვა მედიასაშუალებების მიმართაა გამოყენებული” - ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" პასუხი შემოსავლების სამსახურს

    ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"  შემოსავლების სამსახურის
    განცხადებას პასუხობს:
    „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კვლავ გაავრცელა განცხადება ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ შეეცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, სხვადასხვა ცრუ და მანიპულაციური გზავნილით.
    ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"  საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ ჩვენი პოზიცია არასოდეს ყოფილა საგადასახადო დავალიანების არსებობის უარყოფა. ჩვენი მთავარი საკითხი არის ქვეყანაში არსებული უსამართლობა, შერჩევითი სამართალი და უმაღლესი თანამდებობის პირების ორმაგი სტანდარტი.
    ჩვენი განცხადებები ეხება შერჩევით მიდგომას, უთანასწორო მოპყრობას და იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული უკიდურესი სანქცია - მუდმივი ინკასო - რეალურად დამოუკიდებელი რეგიონული მედიის განადგურებას იწვევს.
    ხელისუფლება არ პასუხობს მთავარ კითხვას:  რატომ გამოიყენება "თრიალეთის" მიმართ უმკაცრესი აღსრულების ფორმა მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გარკვეულ ტელეკომპანიებთან მრავალმილიონიანი დავალიანებების რესტრუქტურიზაცია და საგადასახადო შეთანხმებები გააფორმა?
    თუ საგადასახადო კოდექსი იძლევა შეთანხმების, გადანაწილების და შეღავათის შესაძლებლობას, რატომ არ გამოიყენება იგივე მიდგომა "თრიალეთის" შემთხვევაში?
    სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა და არა ის - არსებობს თუ არა დავალიანება!
    შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ "ყველა გადასახადის გადამხდელის მიმართ თანაბრად მოქმედებს", თუმცა, რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს:
    -ხელისუფლებისადმი ლოიალურ მედიებს სახელმწიფომ მისცა დავალიანებების გადანაწილებისა და საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა;
    -"თრიალეთს" კი, უკვე თვეებია მთლიანად უბლოკავენ ყველა შემოსავალს.
    თუ მართლაც ყველა გადამხდელის მიმართ ერთნაირი მიდგომა გაქვთ, ნუ გვიმალავთ საჯარო ინფორმაციას. მოგიწოდებთ სრული გამჭვირვალობისკენ და საჯაროდ გამოაქვეყნეთ  "რუსთავი 2"-ის და "იმედის" დავალიანებების შესახებ გადაწყვეტილებები.
    შემოსავლების სამსახურის უფროსი შეიცვალა. ირაკლი ბერაიას ნაცვლად მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა, თუმცა, შეიცვალა მხოლოდ გვარი, მიდგომა უცვლელია.
    ახალი განცხადებაც, კი, წინამორბედის განცხადების ასლია.
    დიახ, ახალ უფროსსაც, ძველ ფინანსთა მინისტრსაც და პრემიერ მინისტრსაც პირდაპირ მოგმართავთ, რომ, კანონდარღვევით ახორციელებთ ზეწოლას "თრიალეთზე".
    დღეს "თრიალეთის" თანამშრომლები ფაქტობრივად უხელფასოდ მუშაობენ.
    მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია მაუწყებლობა, არ შეგვიწყვეტია კრიტიკული თემების გაშუქება და კვლავ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას.
    "თრიალეთი" კიდევ ერთხელ აცხადებს:
    ჩვენ ვითხოვთ არა პრივილეგიას, არამედ თანასწორობას, სამართლიანობას და იმავე სამართლებრივ მიდგომას, რომელიც სხვა მედიასაშუალებების მიმართაა გამოყენებული.
    36 წლის დამოუკიდებელი რეგიონული მედიის ფინანსური განადგურება ვერ იქნება დემოკრატიული სახელმწიფოს გზა,“ - ნათქვამი ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის"  განცხადებაში.
    შემოსავლების სამსახურის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ: 
    https://www.rs.ge/NewsArchive?newsId=1774