საზოგადოება
    2026-05-11 | 09:17

    სამების ტაძარში  გაფართოებული საეკლესიო კრება მიმდინარეობს

    სამების ტაძარში  გაფართოებული საეკლესიო კრება მიმდინარეობს

    სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება იმართება, რომელზეც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

    კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო.

    კრებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო თავმჯდომარეობს.

    საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი ესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.

    პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

    კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.

    სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.