ჩვენ რომ ევროკავშირის მოთხოვნებს დავყოლოდით, რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების - შალვა პაპუაშვილი
სამწუხაროდ, უუნარონი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. დღევანდელ სამყაროში საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნარო არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის დუმის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონის დამტკიცებას გამოეხმაურა.
„საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინასთან მაინც იქნებ რამე შეძლონ, არ ვიცი საერთაშორისო პარტნიორებს აქ რა შეუძლიათ, რომ გააკეთონ. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, უუნარონი არიან ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. ვნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნარო არიან. მეორე მხრივ, არიან უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მათ ან არ შეუძლიათ ან უკრაინის მაგალითზე ვხედავთ კიდეც, რომ ზოგიერთს არც უნდა ან სხვანაირად ფიქრობს ესა თუ ის კონფლიქტი როგორ გადაწყდეს. რაც შეეხება ცხინვალს - თუ არ ვცდები, რუსეთის დუმაში რატიფიცირება მოხდა შეთანხმების. სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სწორედ ეს არის ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ გონივრული პოლიტიკით, მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს ამ გამოწვევების გადაჭრა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა - ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ემსახურება სწორედ ამას. ჩვენ რომ ევროკავშირის მოთხოვნებს დავყოლოდით, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. ცოტა უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის, იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. შეხედეთ უკრაინას და ნახეთ რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს რისკები.
იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მოშლილი, როდესაც არა თუ რეზოლუციების, არამედ ომი და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, შეზღუდულია რესურსები რომ ზემოქმედება ჰქონდეს საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს, რომ არ დაზიანდეს გრძელვადიანად ის ინტერესი, რაც გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.