"ერთად ვგეგმავთ - ერთად ვცვლით" - "ოპოზიციის ალიანსი" თბილისში დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება
"ერთად ვგეგმავთ - ერთად ვცვლით" - "ოპოზიციის ალიანსი" თბილისში დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება.
პოლიტიკური ლიდერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ, რომელიც 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყება და მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ გამძლეობაზე ტესტი უკვე ჩაბარებულია და ახლა მთავარია, რომ პროტესტში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა.
“დღეს იქნება ბევრი ხალხი, დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთ-ერთი სურვილია, რომ მარკო რუბიოს აქედან მივესალმოთ იმიტომ, რომ თვითონ მოგვესალმა ერევნიდან. სამწუხაროდ, ის აქ არ არის და გასაგებია რატომაც და ჩვენც აქედან მას უნდა მივესალმოთ, მაგრამ არა მხოლოდ მას, ჩვენ ყველა მეგობარს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს. ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ, ერთად ვგეგმავთ - ერთად ვცვლით, ერთად ვმოქმედებთ - ერთად გადავარჩენთ ამ ქვეყანას. ამიტომ, ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სიტყვაა ამჯერად ერთად და ბევრნი. გამძლეობაზე ტექსტი ჩაბარებულია, ახლა რაოდენობაა მთავარი," - ამბობს ნიკა გვარამია.
კოალიცია "ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, მსვლელობას უნდა შეუერთდეს ყველა მოქალაქე, რომელსაც თავისუფალი, დამოუკიდებელი, წარმატებული ქვეყანა სურს.
“მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, წარმატებული, ეს ქვეყანა აძლევდეს შესაძლებლობებს ჩვენ მომავალ თაობებს ისე, როგორც სხვა ბევრი განვითარებული, წარმატებული ქვეყნები აძლევენ, ესეთი მოქალაქეები ვართ აბსოლუტური უმრავლესობა და ამ ქვეყანას თავზე აზის ერთი მუჭა კლეპტოკრატების ჯგუფი, რომლებმაც შეჭამეს ყველაფერი და ვეღარ გაძღნენ. მთავარი გზავნილი არის, რომ გამარჯვების გზა გადის ერთობაზე, ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე, რომელიც გამოვა ქუჩაში, უკან დაახევინებს, ან ჩამოშლის ამ რეჟიმს, სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს, ეს არის ერთადერთი გზა," - ზურა ჯაფარიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, თუ მოქალაქეები ერთად არ დადგებიან, ყველა ის უსამართლობა, რაც მათ აწუხებთ, კიდევ უფრო გაუარესდება.
ველოდებით ყველა პატრიოტ ადამიანს, ველოდებით ყველას, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ოჯახებით, ძლიერი ადამიანებით და რაც მთავარია, იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანი არის მთავარი ფასეულობა. ყველას გელოდებით დღეს იმისთვის, რომ ერთად დავდგეთ და რატომ არის მნიშვნელოვანი ერთად დგომა - თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით, ერთ მუშტად არ შევიკრებით, ის უსამართლობები, რომლებიც ყველას გვაწუხებს, ზოგს ფასებით, ზოგს ჯარიმებით, ზოგს პატიმრობით, ზოგს ემიგრაციით, დემოგრაფიით, ეს კიდევ უფრო გაუარესდება და კიდევ უფრო მძიმე იქნება," - თქვა გიორგი ვაშაძემ.
"ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ეს პროტესტი გარდაიქმნას რეჟიმის ცვლილებად, მნშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი გარდაიქმნას პოლიტიკურ, ორგანიზებულ პროცესად.
„მშვიდობიანმა წინააღმდეგობა უკვე უამრავი ბზარი გაუჩინა რეჟიმს, რეჟიმს მანევრი შეზღუდული აქვს, ივანიშვილის კისრის ირგვლივ ყულფი ვიწროვდება და ეს ყველაფერი არის იმ მშვიდობიანი პროტესტის დამსახურება, რომელიც უკვე ამდენი დღეა ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ეს პროტესტი გარდაიქმნას რეჟიმის ცვლილებად და ჩვენ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, ქართული საზოგადოების კეთილდღეობა, ამისთვის ძალიან მნშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი გარდაიქმნას პოლიტიკურ, ორგანიზებულ პროცესად, რომელიც რეჟიმს მშვიდობიანად დაასრულებს," - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.