პოლიტიკა
    2026-10-14 | 11:11

    ვენეციის კომისია დაუსაბუთებლად აკეთებს მცდარ დასკვნებს - დავით მათიკაშვილი

    ვენეციის კომისია დაუსაბუთებლად აკეთებს მცდარ დასკვნებს - დავით მათიკაშვილი

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომისიის შეფასებები ფაქტებს არ ეფუძნება.

    „ვენეციის კომისიის დასკვნებში არის ერთი და იგივე შინაარსის წიაღსვლები აბსოლუტურად უშინაარსო, რომელიც ფაქტებზე არ არის დაფუძნებული და მხოლოდ აღქმებით შესაბამის ანალიზს გულისხმობს. ეს ის კომისიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა, სწორედ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის საქმიანობა შეერთებული შტატების ინტერესებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია“, — განაცხადა მათიკაშვილმა.

    მისი თქმით, მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები იღებენ კანონმდებლობას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკაში უცხოური ჩარევის შეზღუდვასა და პრევენციას ითვალისწინებს.

    „სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ ნაბიჯები და იქნა მიღებული ის საკანონმდებლო სივრცე, ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას. ვენეციის კომისია აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე, აკეთებს მცდარ დასკვნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი“, — აღნიშნა დეპუტატმა.

    ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში 2026 წლის მარტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

    ვენეციის კომისიის შეფასებით, აღნიშნული კანონები არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. კომისია მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების მიმართულებით, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.

    მსგავსი სტატიები