პოლიტიკა
    2026-06-04 | 10:49

    მარკო რუბიოს განცხადება ადასტურებს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებას ირანულ, ჩინურ და რუსულ ტრაექტორიაზე მყოფ რეჟიმად აღიქვამს - ანა წითლიძე

    მარკო რუბიოს განცხადება ადასტურებს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებას ირანულ, ჩინურ და რუსულ ტრაექტორიაზე მყოფ რეჟიმად აღიქვამს - ანა წითლიძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გზავნილი საქართველოსთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას უკავშირებს.

    როგორც წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუბიომ მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების იმ დონემდე დაბრუნებისთვის, რომელიც წარსულში არსებობდა, აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას, მისი შეფასებით, ირანულ, ჩინურ და რუსულ ტრაექტორიაზე და დაუბრუნდეს დასავლურ კურსს.

    „როგორიც არ უნდა იყოს რეჟიმის ინტერპრეტაცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რუბიომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ იმისთვის, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები კონკრეტულ ნიშნულამდე მივიდეს და დაუბრუნდეს იმ საწყისს, რაც არსებობდა, მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს ირანული, ჩინური და რუსული ტრაექტორია და დაუბრუნდეს იმ ტრაექტორიას, რაც 2012 წელს ჰქონდა“, – განაცხადა წითლიძემ.

    მისი თქმით, აშშ აცნობიერებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და „ქართულ ოცნებას“ რეჟიმად განიხილავს.

    წითლიძის შეფასებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების „გადატვირთვა“ ვერ მოხდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს და არ დაუბრუნდება, მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართულებას.

    „ევროკავშირი საქართველოს ისტორიული არჩევანია, ხოლო აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ეს სტრატეგიული პარტნიორობა „ქართულმა ოცნებამ“ დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეებს და ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა ინტერპრეტაცია ექნება ამ განცხადებებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს ან მის პროპაგანდისტებს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

    მსგავსი სტატიები