საზოგადოება
    2026-06-09 | 09:20

    გერმანიაში ქართველი ავტორის წიგნი გამოსცეს

    გერმანიაში ქართველი ავტორის წიგნი გამოსცეს

    ქართული წიგნი გერმანულ ენაზე გამოიცა. ესაა მზია ჭიჭიაშვილის წიგნი „მე ეს უნდა მეთქვა“, რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნება. ის გერმანულ ენაზე ნიჭიერმა ახალგაზრდამ, ნინა ზიგერმა თარგმნა. იგი დედით ქართველია, მამით კი -- გერმანელი.  კრებული  გერმანიაში, ტრირის სამეცნიერო გამომცემლობის -- WVT (Wissenschaftlicher Verlag Trier) -- მიერ, საქართველოს მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა. მისი რედაქტორია ლია ვიტეკი.

    ლიტერატორებმა მას შთამბეჭდავი წიგნი უწოდეს. მასში მზია ჭიჭიაშვილი საკუთარი ცხოვრების თანმდევ ამბავს გვიყვება. ავტორი მოგვითხრობს ადამიანზე, დოქტორ ცილიგზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ წაყვანილ მის მშობლებს არა მხოლოდ სიცოცხლე შეუნარჩუნა, არამედ ადამიანური სიკეთის რწმენაც დაუბრუნა. ბერნკასტელის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ვენახში, სამი ადამიანის გზები იკვეთება: ახალგაზრდა ქართველი კაცი – მწერლის მამა, მისი უკრაინელი მეუღლე – მწერლის დედა და დოქტორი ჰერმან ცილიგი, გერმანელი მევენახეობის მეცნიერი. დოქტორ ცილიგი იმ ბნელ ეპოქაში  მათი მფარველი და მორალური საყრდენი ხდება. ეს წიგნი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ისტორიული მოგონება. ეს არის ჰუმანურობისადმი გამოხატული  ღრმა პატივისცემა, რომელიც საზღვრებსა და ეროვნებებს აერთიანებს. ის არის მშვიდობისკენ გადებული ხიდი, რომელიც ბოროტებასა და დაპირისპირებას თავისი ადამიანურობით პასუხობს

    კრებული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთარგმნელობითი საქმიანობის ევროპაში პოპულარიზაციას.

    გამოცემა ფართო საზოგადოების წინაშე ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარადგინეს.

    აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მთარგმნელი ნინა ზიგერი „ერასმუს+“ (Erasmus+) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტრირის უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე სასწავლებლად მიიწვიეს.

    ფოტოზე: წიგნის მთარგმნელი ნინა ზიგერი და ტრირის სამეცნიერო გამომცემლობის ხელმძღვანელი ერვინ ოტო