კომენტარი
    2026-08-05 | 13:11

    ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს – გია ვოლსკი

    ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს – გია ვოლსკი

    ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს, – ამის შესახებ  გია ვოლსკიმ განაცხადა.

    საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ სანქციები დაუწესა.  

    ვოლსკი ამბობს, რომ ამ თემაზე უცხოელ პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს. 

    „როცა ჩვენ ვამბობდით, რომ სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც სხვისთვის, თუ ამ მართვაში სრულფასოვან მონაწილეობას საქართველო არ მიიღებს, მაშინ, „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა აცხადებდა, რომ ფულს სუნი არ ასდის. დღეს, მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. უცხოელ პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, ექსპერტების შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებში. ჯერ ვერ ვიტყვი, კი არ გიმალავთ რაიმეს. ფაქტია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს. რა თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, ამაზე გაცილებით უფრო კომპეტენტური პირები ისაუბრებენ. დაახლოებით უკვე გითხარით, მეტი პასუხი არ მაქვს. ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    ცნობისთვის: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ (Inter RAO UES) სანქციები დაუწესა. „ინტერ რაო“ ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის 100 %-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. თავის მხრივ, Silk Road Holdings-ი კომპანია „თელასის“ აქციათა 75.108%-ს და კომპანია „თელმიკოს“ აქციათა 75.471%-ს პირდაპირ ფლობს. 

    ევროკავშირის პრესსამსახურმა BMG-ისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში დაადასტურა, რომ თუ მთავარი კომპანია შავ სიაში ხვდება, შეზღუდვები ავტომატურად ეხება მის შვილობილ კომპანიებსაც. რუსული ენერგოგიგანტი კი „თელასის“ 75 პროცენტს ფლობს.