მარატ კამბოლოვის პრემიერად დანიშვნა ცხინვალის რეგიონში ანექსიური პოლიტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და ბოლო საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული პირდაპირი ზეწოლის შედეგია.
ორგანიზაციის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევზე განხორციელებული ზეწოლის ფონზე, ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მარატ კამბოლოვი დაამტკიცა, რომელსაც DRI ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წარმომადგენლად და ნდობით აღჭურვილ პირად ახასიათებს.
პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება კრემლის მხრიდან ოკუპირებული რეგიონის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს. ორგანიზაცია, კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ მოსკოვი გაგლოევისგან მთავრობის დათხოვნას კატეგორიულად მოითხოვდა, ხოლო ადგილობრივი გავლენიანი ფიგურების წინააღმდეგობის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილება ბოლომდე გაიტანა.
DRI-ის ინფორმაციით, მარატ კამბოლოვის ცხინვალში გამოჩენას და პარლამენტში სპიკერის სავარძლის დაკავებას ადგილზე პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა ამან პროცესის დასრულებას ხელი ვერ შეუშალა.
ორგანიზაციის შეფასებით, კამბოლოვის ე.წ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ადასტურებს ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მოსკოვი აღარ ენდობა ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებს და მმართველობის ბერკეტებს საკუთარ კადრებს აბარებს.
ამასთან, DRI მიუთითებს, რომ ახალმა ე.წ. პრემიერმა საჯარო გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთთან მოკავშირეობაზე, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ალან გაგლოევის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება, თუმცა პროცესები დაჩქარებულია და ძალოვან სტრუქტურებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია შემოდგომაზე შესაძლო ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.
ორგანიზაციის შეფასებით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნა მიუთითებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მმართველობითი პროცესები კრემლის პირდაპირი კონტროლის ქვეშ ექცევა, რაც, მათი შეფასებით, ანექსიური პროცესის განსაკუთრებით სახიფათო ეტაპს წარმოადგენს.