კონფლიქტის ზონა
    2026-06-23 | 08:26

    რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი დაჩქარდა, „ქართული ოცნების“ დუმილი კი დანაშაულებრივია - გიორგი შარაშიძე

    რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი დაჩქარდა, „ქართული ოცნების“ დუმილი კი დანაშაულებრივია - გიორგი შარაშიძე

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა) ანექსიის პროცესს აჩქარებული ტემპით აგრძელებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებს.

    მისი თქმით, 9 მაისს კრემლში რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაჩქარებული წესით მოახდინა რატიფიცირება. შარაშიძის შეფასებით, ამის შემდეგ ანექსიური პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდა, მათ შორის კრემლმა და პირადად ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი წარმომადგენელი დანიშნა.

    დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მორიგ დარღვევას.

    შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთი ცდილობს საკუთარი საზოგადოებისთვის „გამარჯვების ისტორიები“ შექმნას და, მისი შეფასებით, ამას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებით ახერხებს.

    მისივე თქმით, მათ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ანექსიის პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული, „ქართულმა ოცნებამ“ „პოლიტიკური მატრაკვეცობა“ უწოდა. შარაშიძემ ხელისუფლებას კითხვით მიმართა, მიიჩნევს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და ანექსიის გაპროტესტებას „პოლიტიკურ მატრაკვეცობად“, მაშინ როდესაც, მისი შეფასებით, დუმილი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ვერ ემსახურება.