წალეკა რუსულმა პროპაგანდამ ეს ქვეყანა, ორჯერ ორი რომ ჩვიდმეტი არაა, ეგ გვაქვს სამტკიცებელი - ბექა კობახიძე
ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
“პრორუსული გვერდების მიერ ვრცელდება სურათი - როგორ აზის ბრიტანელი კოლონიზატორი ზურგზე ინდოელ ქალს და არის დიდი მოთქმა ბრიტანულ კოლონიალიზმზე, იმ კონოტაციით, რომ "რუსეთი ამას ხომ არ იზამდა?!"
უცებ იქცნენ ინდოელების ქომაგებად ისინი, ვინც ქვეყნიდან ინდოელების გაყრას ითხოვენ, მაგრამ ეგ არაფერი. კოლონიალიზმი რომ ცუდია და მას უნდა ებრძოლო, რად უნდა ამას ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ მეცხრამეტე საუკუნის ინდოეთში უნდა გავქანდეთ ბრიტანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და აქ აღარაფერი გვაქვს გასახსენებელი?
შეგახსენებთ რატომ დაიწყო 1804 წლის მთიულეთის აჯანყება:
- "სამხედრო გზის" მშენებლობისას, რუსები ქალებს სახედრის ნაცვლად მარხილში აბამდნენ და მათრახით სცემდნენ;
- კაცებს ძაღლის განავალი აჭამეს;
როგორ დაიწყო 1812 წლის კახეთის აჯანყება:
- რუსი ჯარისკაცები ქალს შეუვარდნენ სახლში, ქვევრს მოხადეს თავი, გაილეშნენ; მერე ასე გაერთნენ: ქალს საშოში ჩაუყვეს ძაბრი და ჩაასხეს ღვინო;
- რუსი ჯარისკაცები კახელ კაცს გამოუდგნენ გასაუპატიურებლად. სოფელმა ეს გაიგო და კაცი გადაარჩინეს.
კახელების და მთიულების საჩივრები დოკუმენტურად არის გამოცემული.
კაი, ეს არ იცით, მაგრამ ალექსანდრე ყაზბეგი მაინც ხომ წაგიკითხავთ?
აგერ დღეს თამაზ გინტური მოგვიკლეს ეკლესიაში შესვლის გამო, კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს, მაგრამ არა, ბრიტანული კოლონიალიზმია მეცხრამეტე საუკუნის ინდოეთში თურმე საბრძოლველი.
წალეკა რუსულმა პროპაგანდამ ეს ქვეყანა, ორჯერ ორი რომ ჩვიდმეტი არაა, ეგ გვაქვს სამტკიცებელი.”