კონსტიტუციის დანიშნულება მხოლოდ ხელისუფლების დაცვა არ არის, ის პირველ რიგში მოქალაქესაც იცავს ხელისუფლების შესაძლო თვითნებობისგან - ბესიკ ლაგვილავა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბესიკ ლაგვილავა სოციალურ ქსელში წერს:
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს რამდენჯერმე მომესმა მოსამართლის განცხადება - ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს მხოლოდ სამართლებრივი პროცესია და პოლიტიკური განცხადებები სხვაგან გააკეთეთო!
მცდარია!
უკაცრავად, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი.
სამართლებრივი ფორმა, სულაც არ გამორიცხავს პოლიტიკურ შინაარსს!
როდესაც პარლამენტის 88 დეპუტატი ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი, შეზღუდოს საარჩევნო კონკურენცია და კონკრეტულ ადამიანებსაც კი შეუქმნას პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფრთხე, როგორ შეიძლება, ეს მხოლოდ სამართლებრივ პროცესად მივიჩნიოთ?!
ეს თავისი არსით პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია!
მაგრამ აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ: პოლიტიკური შინაარსის მქონე სასამართლო პროცესი და "პოლიტიზებული მართლმსაჯულება".
პირველი - დემოკრატიულ სახელმწიფოში სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მეორე კი, მაშინ ჩნდება, როდესაც სამართლებრივ არგუმენტებს პოლიტიკური მიზანშეწონილობა ანაცვლებს.
სასამართლომ, ცხადია, უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ კონსტიტუციით, კანონითა და მტკიცებულებებით. მაგრამ ეს ვერ გააქრობს იმ ფაქტს, რომ მისი გადაწყვეტილების შედეგები შეიძლება იმდენად ღრმად პოლიტიკური აღმოჩნდეს, რომ მთლიანად შეცვალოს არა მხოლოდ, ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი, არამედ ქვეყანას შეუქმნას სერიოზული პრობლემები საერთაშორისო ურთიერთობებში!
და კიდევ ერთი!
ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა - სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას არ ნიშნავს!
ხელისუფლების კრიტიკა, არჩევნების ბოიკოტი, პოლიტიკური პროტესტი და მისი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება თავისთავად არ წარმოადგენს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობის მცდელობას.
სახელმწიფოს, რასაკვირველია, აქვს უფლება, თავი დაიცვას კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული რეალური საფრთხეებისგან, მაგრამ ამ უფლების განხორციელება აუცილებლად, პოლიტიკური კონკურენციის თავისუფლებასთან უნდა იყოს შეთავსებული.
და ბოლოს, მთავარი კითხვა:
ვის ეკუთვნის კონსტიტუციური წესრიგი - ხელისუფლებას თუ ხალხს, რომელსაც ამ ხელისუფლების შეცვლის უფლება აქვს?
ნუ დაგვავიწყდება, კონსტიტუციის დანიშნულება მხოლოდ ხელისუფლების დაცვა არ არის. ის პირველ რიგში მოქალაქესაც იცავს ხელისუფლების შესაძლო თვითნებობისგან.
კონსტიტუცია იმისთვის კი არ შექმნილა, რომ ხელისუფლებას მოწინააღმდეგეების გარეშე შეეძლოს ქვეყნის მართვა, არამედ იმისთვის, რომ ხალხს სახელმწიფოს დანგრევის გარეშე შეეძლოს ხელისუფლების შეცვლა !”