რუსეთის ოფიციალური პოზიციები კვლავ და კვლავ ემთხვევა ზოგიერთ ადგილობრივ პოლიტიკურ გზავნილს - გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
„დიმიტრი მედვედევის ბოლო განცხადება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არა იმიტომ, რომ ახალი რამ თქვა, არამედ იმიტომ, რომ კვლავ იმეორებს იმ ნარატივს, რომელსაც კრემლი წლებია ავითარებს: 2008 წელს თითქოს საქართველო იყო აგრესორი, რუსეთი კი – „მშვიდობისმყოფელი“.
საინტერესოა, რომ ამ ნარატივის სხვადასხვა ვერსიას საქართველოში უკვე დიდი ხანია ვისმენთ. ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც რუსეთის ოფიციალური პოზიციები კვლავ და კვლავ ემთხვევა ზოგიერთ ადგილობრივ პოლიტიკურ გზავნილს.
მით უფრო მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გვიმტკიცებს, რომ დასავლეთი თითქოს საქართველოს სუვერენიტეტს სრულად არ აღიარებს, მაშინ როდესაც სწორედ დასავლეთი ათწლეულებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია. ამავე დროს რუსეთი მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში წარმოგვიდგება, თითქოს პრობლემა საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ ერთი მეხუთედია და არა მთლიანად ქვეყნის სუვერენიტეტი და საგარეო პოლიტიკური არჩევანი.
მე სულ უფრო მიჩნდება განცდა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთს უკრაინასთან მოუწევს მისთვის არასახარბიელო შეთანხმებაზე წასვლა. არასახარბიელოზე, რადგან ომის დაწყებისას დასახული მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ შეასრულა.
და სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა: რისთვის ემზადება რუსეთი შემდეგ?
რატომ გახშირდა საქართველოს, მოლდოვისა და სომხეთის თემებზე ასეთი განცხადებები?
რატომ მიმდინარეობს გამუდმებით იმ ნარატივის გამეორება, რომ დასავლეთი საფრთხეა, ხოლო რუსეთის გავლენის სივრცე – ბუნებრივი მდგომარეობა?
ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია:
თუ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოზე მუდმივად საუბრობს, ამ თემებზე მუდმივად უნდა მუშაობდნენ ქართველი ანალიტიკოსები, უსაფრთხოების სპეციალისტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.
რადგან თანამედროვე სამყაროში საფრთხე ხშირად ტანკებით კი არა, ნარატივებით იწყება. შემდეგ ხდება მისი გამეორება. შემდეგ - მისი ნორმალიზება. და ბოლოს – საზოგადოების ნაწილის მიერ მის რეალობად აღქმა.
სწორედ ამიტომ მედვედევის განცხადება მხოლოდ მორიგი რუსული პროპაგანდისტული ტექსტი არ არის. ეს არის შეხსენება, რომ საქართველოს გარშემო მიმდინარე საინფორმაციო და პოლიტიკური ბრძოლა არ დასრულებულა.
და რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ასეთ სიგნალებს, მით უფრო დიდია რისკი, რომ ერთ დღეს უკვე არა განცხადებების, არამედ შედეგების ანალიზი მოგვიწიოს.“