ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს
გეგმური ინსპექტირებისას აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ჩაქვში, ი/მ ე.ყ.-ს ვეტერინარულ აფთიაქში (მისამართი: ჩაქვი, თამარ მეფის ქუჩა N34) ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამოღებულია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება პიხტის მალამო, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო იოდზეფის ხსნარი და ანტიპარაზიტული საინიექციო ხსნარი prius-ი.
„ვადაგასული პრეპარატები სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვეტერინარული კლინიკებისა და აფთიაქების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვან პრეპარატების რეალიზაციის ვადები და შენახვის პირობები“, – ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.