აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის წინააღმდეგ ამ კვირაში მესამე საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში მესამე დარტყმების სერია განახორციელეს.
ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ჰორმუზის სრუტეში მიმავალ, კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ საკონტეინერო გემ M/V GFS Galaxy-ს შეუტია.
განცხადების თანახმად, ეკიპაჟის ერთი სამოქალაქო წევრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო გემმა ბორტზე გაჩენილი ხანძრისა და ძრავის განყოფილების მნიშვნელოვანი დაზიანების გამო გადაადგილების გაგრძელება ვეღარ შეძლო.
CENTCOM-ის შეფასებით, ირანს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, დაეცვა ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები მას შემდეგ, რაც კომერციულ გემებზე განხორციელებული წინა თავდასხმების გამო პასუხისმგებლობა დაეკისრა, თუმცა, აშშ-ის განცხადებით, თეირანმა ეს შესაძლებლობა კვლავ არ გამოიყენა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, საპასუხოდ შეერთებული შტატები აგრძელებს ირანის შესაძლებლობების შესუსტებას, რათა მან ვეღარ შეძლოს ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მოძრავ სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე თავდასხმების განხორციელება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო დარტყმები აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დავალებით ხორციელდება.