რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა - გრიგოლ გეგელია
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის გაგრძელებაა.
გეგელიას განცხადებით, ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და აშშ-სთან ურთიერთობები გააუარესა, პარალელურად კი რუსეთთან პოლიტიკური დაახლოება პრიორიტეტად აქცია.
„იმ დღეს, როცა რუსეთის დავალებით, ამ ქვეყანაში ხუთ დამოუკიდებელ, პროევროპულ პოლიტიკურ ძალას აუქმებენ, სწორედ ამ დღეს, რუსული ცინიზმის ჟანრის სრულ კლასიკაში გამოაცხადა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ამ კადრის დანიშვნა. ეს პირდაპირ ცინიკური გზავნილია, რომ რუსეთის დავალებით უქმდება პარტიები და ამავე დღეს, სინქრონში ინიშნება ადამიანი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობა უნდა განახორციელოს“, – განაცხადა გეგელიამ.
მისი თქმით, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა ამ პოზიციაზე ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის გაგრძელებაა, თუმცა, მისივე შეფასებით, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„ეს აჩვენებს კობახიძის ადმინისტრაციის სურვილს, რომ რუსეთთან რაც შეიძლება მჭიდროდ იყოს გადაჯაჭვული ჩვენი სახელმწიფო. ეს არის რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება. ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველოს სწრაფი ტემპით ხდება რუსეთის უმნიშვნელო, კორუმპირებული ჭაობის სატელიტი“, – აღნიშნა გეგელიამ.
ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.