კონფლიქტის ზონა
    2026-07-14 | 10:37

    დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება - DRI

    დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება - DRI

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 2026 წლის 18 სექტემბერს დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები რეგიონში რუსეთის პოლიტიკური გავლენის კიდევ უფრო გაძლიერების ფონზე გაიმართება.

    დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება 1 ივლისს მიიღო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა უფლებამოსილება ვადამდე შეწყვიტა. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მთავრობის თავმჯდომარეს, მარატ კამბოლოვს, დაეკისრა.

    DRI-ის ინფორმაციით, არჩევნების დანიშვნის პარალელურად უკვე გამოიკვეთა როგორც მმართველი პოლიტიკური ძალების, ისე ოპოზიციური პარტიების პოზიციები.

    ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც საკუთარი გეგმების შესახებ განაცხადა, რესპუბლიკური სოციალისტური პარტია „ირონია“ გახდა. პარტიის ლიდერის, გიორგი კაბისოვის განცხადებით, გენერალურმა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა. მისი თქმით, პარტია 30 ივლისამდე გამართავს წინასაარჩევნო ყრილობას და საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს. ამასთან, „ირონის“ წარმომადგენლებმა დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.

    მმართველმა პარტიამ „ერთიანობამ“ კი ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, მარატ კამბოლოვს. პარტიის განცხადებით, მისი მხარდაჭერა ეფუძნება როგორც რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევების შეფასებას, ისე რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის კურსის გაგრძელების აუცილებლობას.

    DRI განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ერთიანობის“ განცხადებაში ხაზგასმულია 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც, პარტიის შეფასებით, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, სოციალური და ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნასა და უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცებას ემსახურება.

    ამავე განცხადებაში მარატ კამბოლოვი გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწის სტატუსით არის წარმოდგენილი, განსაკუთრებული აქცენტით მის მრავალწლიან საქმიანობაზე რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სტრუქტურებში.

    DRI-ის შეფასებით, სწორედ კამბოლოვის პოლიტიკური ბიოგრაფია განასხვავებს მას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წინა ლიდერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ კოკოითი, ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი სხვადასხვა პერიოდში პრორუსულ პოლიტიკურ კურსს ატარებდნენ და მოსკოვთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ, მათი პოლიტიკური კარიერა ძირითადად სამხრეთ ოსეთს უკავშირდებოდა. კამბოლოვის შემთხვევაში კი მისი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის სახელმწიფო სამსახურში მიმდინარეობდა.

    ინსტიტუტის შეფასებით, არსებული პოლიტიკური კონფიგურაციის გათვალისწინებით, მარატ კამბოლოვი საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე რეალურ კანდიდატად განიხილება და, ამავდროულად, მოსკოვის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს.

    როგორც DRI აღნიშნავს, წინასაარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მხოლოდ საწყის ეტაპზეა. მომდევნო კვირებში, კანდიდატების ოფიციალური დასახელებისა და საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ, უფრო ნათელი გახდება, რომელი პოლიტიკური ძალები ჩაერთვებიან არჩევნებში. თუმცა, ინსტიტუტის შეფასებით, არსებული პოლიტიკური პროცესები აჩენს ვარაუდს, რომ არჩევნების შედეგებზე კრემლის გავლენა გადამწყვეტი იქნება.