მედიაკონტენტის შექმნისას ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვა აუცილებელია - სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში, მათ შორის, იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში გავრცელებულ იმ შინაარსს ეხმაურება, რომელიც, მისი შეფასებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტიგმასა და დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს აძლიერებს.
ომბუდსმენის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა მისი განხორციელებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს შესაძლო სოციალური გავლენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატვის ობიექტს მოწყვლადი ჯგუფები წარმოადგენენ.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იუმორსა და მედიაპროდუქტებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი დამოკიდებულებებისა და სტერეოტიპების ფორმირებაზე, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა გზავნილს ავრცელებს კონკრეტული მედიაშინაარსი და ხომ არ უწყობს იგი ხელს ისეთი დამოკიდებულებების გამყარებას, რომლებიც კონკრეტული ჯგუფების გარიყვასა და დისკრიმინაციას იწვევს.
განცხადების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ამასთან, მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც ისტორიულად ან ფაქტობრივად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო პირებსა და მედიაპროდუქტის შემქმნელებს, შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპებით იხელმძღვანელონ.