მსოფლიო
    2026-11-28 | 11:43

    რუსეთმა უკრაინას 162 დრონით შეუტია – უკრაინის საჰაერო ძალებმა 141 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს

    რუსეთმა უკრაინას 162 დრონით შეუტია – უკრაინის საჰაერო ძალებმა 141 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს

    რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 28 ნოემბრის ღამეს უკრაინის მიმართულებით 162 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, მათ შორის 74 რეაქტიული დრონი. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 141 დრონი ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.

    უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა „შაჰედის“, „გერბერას“ ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები და „პაროდიის“ ტიპის დრონები-იმიტატორები.

    დრონები გაშვებული იყო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ორიოლის, მილეროვოსა და კურსკის მიმართულებებიდან, ასევე ოკუპირებული დონეცკიდან და ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე გვარდეისკოედან.

    საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად უკრაინულმა მხარემ გამოიყენა ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები, რადიოელექტრონული ბრძოლისა და უპილოტო სისტემების დანაყოფები, ასევე თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

    უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 28 ნოემბრის 08:00 საათის მდგომარეობით, ჩამოგდებული ან ჩახშობილი იყო 141 რუსული დრონი, მათ შორის 54 რეაქტიული.

    მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებების მოხვედრა 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა – შვიდ ადგილზე.

    უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჯერ კიდევ იმყოფებოდა.