კონფლიქტის ზონა
    2026-07-16 | 11:29

    რუსეთში საწვავის დეფიციტი აფხაზეთზეც აისახა – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

    რუსეთში საწვავის დეფიციტი აფხაზეთზეც აისახა – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, რუსეთში საწვავის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები ოკუპირებულ აფხაზეთზეც აისახა. ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთთან მოსაზღვრე აფხაზეთის რაიონებში საწვავის ფასი 10%-ზე მეტად გაიზარდა.

    DRI-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება, ფასების ზრდა მიუთითებს, რომ რუსეთში არსებული კრიზისი რეგიონზეც ახდენს გავლენას.

    ორგანიზაცია გამოცემა Caucasian Knot-ზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე ერთ თვეზე მეტია გრძელდება. მათივე ინფორმაციით, ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგებია, მოქმედებს ბენზინის გაცემის ლიმიტები, ხოლო ვითარება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დრონებით თავდასხმების ფონზე გამწვავდა, რამაც საწვავის წარმოებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია.

    DRI-ის შეფასებით, აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად ვრცელდება იმ რეგიონებზეც, რომლებიც რუსულ საწვავზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.

    DRI-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტი და რიგები არ ფიქსირდება, თუმცა ფასების ზრდა განსაკუთრებით იმ რაიონებში შეინიშნება, რომლებიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

    ორგანიზაციის ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. DRI აღნიშნავს, რომ თუ რუსეთში საწვავის დეფიციტი და მიწოდების შეფერხება გაგრძელდება, აფხაზეთის ბაზარზეც ზეწოლა გაიზრდება და ფასების ზრდა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებით აღარ შემოიფარგლება.