ეუთო პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა, ხოლო საქართველოს მიმართ კრიტიკა ცრუ ბრალდებებზეა დაფუძნებული - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს ეუთოსა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან დამატებითი დადასტურება არ სჭირდება.
ზახაროვას თქმით, კობახიძე სუვერენული სახელმწიფოს ლიდერია, რომელიც საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს, ხოლო თანამედროვე საქართველო, მისი შეფასებით, საგარეო ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია.
„თბილისის მისწრაფება, გაატაროს დამოუკიდებელი და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, კოლექტიური დასავლეთის მხრიდან გამოწვევად აღიქმება. სწორედ ამიტომ, მათი წარმომადგენლები მზად არიან, ყველა ბერკეტი გამოიყენონ მოქმედი ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება,“ – განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციაზეც, რომელიც, მისი თქმით, მოიცავს რეზოლუციას საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასების შესახებ, ასევე უკრაინასთან დაკავშირებულ დოკუმენტს, სადაც დაგმობილია „რუსეთის აგრესია“.
ზახაროვამ განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, მისი შეფასებით, დიდი ხანია უარს ამბობს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე და აგრესიული რიტორიკით მოქმედებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიიღო რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა კრებამ 2024 წლის 3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე დაბრუნების საფუძველს ვერ ხედავს.
მისივე განცხადებით, ეუთომ, სამწუხაროდ, დაკარგა კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების უნიკალური მექანიზმები, ხოლო ორგანიზაციის პლატფორმას ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთისა და სხვა ქვეყნების კრიტიკისთვის იყენებს.
ზახაროვამ ასევე გააკრიტიკა ეუთოს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც, მისი შეფასებით, მოძველებული, არაკონსენსუსური და „ფსევდოადამიანის უფლებათა“ ინსტრუმენტია. მისი თქმით, ეს მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ 2026 წლის 29 იანვარს ამოქმედდა, ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების გაუარესების მოტივით.
„თუ ამ ყველაფერს მართლაც რაიმე კავშირი ექნებოდა ადამიანის უფლებებთან, მაშინ რეაგირება იქნებოდა სხვა შემთხვევებზეც. ამიტომ, ყველაფერი, რასაც ისინი საქართველოს მიმართ აცხადებენ, ცრუა და სიმართლეს არ შეესაბამება,“ – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, „მოსკოვის მექანიზმი“ რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლიდან რვაჯერ, ხოლო ბელარუსის წინააღმდეგ სამჯერ ამოქმედდა, თუმცა რუსეთისთვის ამ მექანიზმის ანგარიშებში წარმოდგენილი დასკვნები „იურიდიულად და პოლიტიკურად არაფრისმომცემია“.