ჯანდაცვის მინისტრმა და Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელმა დირექტორმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატ „ელევიდისზე“ იმსჯელეს
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის, Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და Roche-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები.
„საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. ყურადღება დაეთმო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
საუბარი ასევე შეეხო პრეპარატ „ელევიდისს“, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ გამოიყენება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, Roche-ს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ ობერრაიტერი და Roche Georgia-ს კავკასიის ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელი მაკა ასათიანი“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.