„ძლიერი საქართველო - ლელო“ მოვითხოვთ, რომ საფოსტო გზავნილებზე დაწესებული 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი 900 ლარამდე გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის - თაზო დათუნაშვილი
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, ხელისუფლებას მოუწოდა, საფოსტო გზავნილებზე მოქმედი 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი 900 ლარამდე გაიზარდოს.
მისი განცხადებით, მოქმედი 300-ლარიანი ლიმიტი 2009 წელს დაწესდა, როდესაც ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.66-ს შეადგენდა, მაშინ როცა 2026 წლის აგვისტოში კურსი 2.62-ია. დათუნაშვილის თქმით, ამასთან ერთად, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ონლაინ ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც არსებული ზღვარი დღევანდელ რეალობას აღარ შეესაბამება.
მისივე შეფასებით, 300-ლარიანი ლიმიტი ასობით ათასი მოქალაქისთვის დამატებით ფინანსურ და ბიუროკრატიულ ტვირთს წარმოადგენს, რადგან ამ ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა საქონლის განბაჟება და შესაბამისი პროცედურების გავლა.
დათუნაშვილის თქმით, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გათვლებით, ლიმიტის 900 ლარამდე გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვან ზიანს არ მიაყენებს. მისი ინფორმაციით, 900 ლარამდე ღირებულებისა და 30 კილოგრამამდე წონის საფოსტო გზავნილებიდან ბიუჯეტში იმპორტის გადასახადისა და დღგ-ის სახით დაახლოებით 14 მილიონი ლარი შედის, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლები სწორედ ამ ოდენობით შემცირდება.
როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, ცვლილება შეღავათს მოუტანს როგორც მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ პლატფორმიდან, მათ შორის TEMU-დან და Amazon-დან, პროდუქციას იწერენ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც იმპორტირებული საქონლის რეალიზაციით არის დაკავებული.
მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი რეფორმა იქნება, თუმცა, მისი თქმით, მოქმედ ხელისუფლებასაც აქვს შესაძლებლობა, ცვლილება მანამდე განახორციელოს. დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ფასების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.