პოლიტიკა
    2026-08-10 | 12:57

    ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია - ლაშა ფარულავა

    ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია - ლაშა ფარულავა

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი კრიპტო-სფეროსა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების საქმიანობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

    მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია“.

    „დღეს უკვე იქამდე მივედით, რომ ივანიშვილთან დაკავშირებული, გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში რეგისტრირებული ირანული კომპანია აშშ-მა ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო დაასანქცირა. ეს საქართველოს სახელისა და რეპუტაციის საკითხია, რომელიც ასე დაბლა არასდროს დასულა“, – განაცხადა ფარულავამ ბრიფინგზე.

    მისი განცხადებით, ვინაიდან კრიპტო-სფეროს 2023 წლიდან ეროვნული ბანკი არეგულირებს, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა, მათ შორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას ეკისრება.

    ფარულავას შეფასებით, გლდანში განხორციელებულმა კრიპტო-მაინინგმა, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს უკავშირდება, მათ მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოუტანა, ხოლო შესაბამისი ხარჯი მოსახლეობამ გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფებით გადაიხადა.

    „ახლა კი იგივე თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ასეთი ბიზნესი იყო რეგისტრირებული, ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კონტექსტშიც აღმოჩნდა“, – განაცხადა მან.

    ფარულავას თქმით, საქართველოში რუსულ და ირანულ ფულთან, სანქციებთან, ტერორიზმთან დაკავშირებულ ფინანსურ სქემებთან და თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული შემთხვევები ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

    „ეს არის ივანიშვილის საქართველოს რეალური ფასი: ისინი მდიდრდებიან, საქართველო კი კარგავს რეპუტაციას“, – განაცხადა ფარულავამ.

    მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიასა და ნათია თურნავას ეკისრებათ და „ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს, ამ რეჟიმის დირიჟორთან ერთად“.

    მსგავსი სტატიები