საწვავის ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდების განხორციელების შესაძლებლობის მოძიება - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, რესპუბლიკაში საწვავის დეფიციტის გამო, მისი ალტერნატიული წყაროებიდან, მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან, მიწოდების შესაძლებლობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ადგილობრივ მედიას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში განუცხადეს, საწვავის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან, გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში, კვლავ ხორციელდება, თუმცა „გარე ფაქტორებით გამოწვეული გარემოებების“ გამო, აფხაზეთის საჭიროებებისთვის საავტომობილო საწვავი საკმარისი არ არის.
„ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწვავის ალტერნატიული წყაროებიდან მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. საწვავის ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდების განხორციელების შესაძლებლობის მოძიება“, - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში.
მათივე ცნობით, ომისშემდგომ წლებში, საწვავით საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოში საწვავის მიწოდებაც ხორციელდებოდა.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.