პოლიტიკა
    2026-08-17 | 15:32

    საწვავის გატანის ისე გაყიდვა, თითქოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის და დებისთვის ხდება საწვავის მოხმარება, არის უბინძურესი აქტი - თაზო დათუნაშვილი

    საწვავის გატანის ისე გაყიდვა, თითქოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის და დებისთვის ხდება საწვავის მოხმარება, არის უბინძურესი აქტი - თაზო დათუნაშვილი

    „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, აფხაზეთში საწვავის მიწოდების საკითხზე „კორუფციული სქემა“ მოქმედებს, რომელშიც, მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობენ.

    „ეს არის ჩვეულებრივად აგებული კორუფციული სქემა, „ქართული ოცნების“ ოჯახთან დაკავშირებული პირების მიერ ორგანიზებული. ამაზე ხელს ითბობს მთელი „ქართული ოცნების“ ვერტიკალი“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

    მისივე თქმით, აფხაზეთში საწვავის შეტანის ჰუმანიტარულ საჭიროებად წარმოჩენა „უბინძურესი აქტია“.

    „საწვავის გატანის ისე გაყიდვა, თითქოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის და დებისთვის ხდება საწვავის მოხმარება, არის უბინძურესი აქტი“, - აღნიშნა მან.

    დათუნაშვილი ასევე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საწვავის მიწოდება ალტერნატიული გზებით ხორციელდება.

    „ვიღაც ჯამბაზი, რომელიც საქართველოდან შეტანილ საწვავს ალტერნატიული გზიდან შეტანილს ეძახის. მადლიერების ნულოვანი გრძნობა აქვს და იქ ხალხი პირდაპირ უწერს კომენტარებში, რომ ეს საწვავი ნახეს გაგრაში, ფსოუზე საზღვართან“, - განაცხადა მან.

    „საწვავი, რომელიც შედის ენგურიდან, პირდაპირ კვეთს ფსოუს და მიდის რუსეთში. ეს არის ალტერნატიული და დავეთანხმები ე.წ. მინისტრს, ვიღაც ჯამბაზს, რომელიც ამბობს, რომ ეს საწვავი ალტერნატიულია. ეს არის ალტერნატიული გზით, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთისთვის ისეთი პროდუქციის მიწოდება, რომელიც უჭირს“, - აღნიშნა დათუნაშვილმა.

    მისივე შეფასებით, აღნიშნული ქმედებები „მტრის დახმარებასა და კორუფციას“ წარმოადგენს.

    „მტრის დახმარება კორუფციასთან ერთად რამხელა სიბინძურეა, ეს თავად ჩვენმა მაყურებელმა განსაზღვროს“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.