განათლების სამინისტროს პოლიტიკა ქვეყნის რუსიფიკაციის პროცესს აძლიერებს - ირაკლი ფავლენიშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროს პოლიტიკა თბილისში რუსული სკოლებისა და ბაღების გამრავლებას უწყობს ხელს, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის რუსიფიკაციის პროცესს აძლიერებს.
როგორც ფავლენიშვილმა განათლების სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში მოქმედებს არაერთი სკოლა, სადაც ბავშვები რუსული კურიკულუმით სწავლობენ და ქართულ განათლებას, მათ შორის ქართულ ენას, სათანადოდ არ იღებენ.
მისივე თქმით, ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა პარალელური საზოგადოების ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის.
„განათლების სამინისტრო არის ქცეული მორდორის კიდევ ერთ კარიბჭედ საქართველოში. სწორედ განათლების სამინისტრო რუსეთიდან, ანუ მორდორიდან შემოსულ ხალხს უფლებას აძლევს, სოკოებივით გაამრავლონ რუსული სკოლები და ბაღები თბილისის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, საკითხი ეხება არა მხოლოდ რუსულ, არამედ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ არაავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც და, მისი შეფასებით, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი სკოლების ფუნქციონირება დაუშვებელია.
ფავლენიშვილმა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს მიმართა და განმარტება მოითხოვა, რატომ ფუნქციონირებს თბილისში არაავტორიზებული სკოლები და რატომ იღებს, მისი თქმით, ათიათასობით ბავშვი ისეთ განათლებას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობასა და ქართულ საზოგადოებასთან „არანაირი შეხება არ აქვს“.
„ბატონ მიქანაძეს და სხვებს ვუსვამ კითხვას – არაავტორიზებული სკოლები რატომ ფუნქციონირებს თბილისში, რატომ მრავლდება სოკოებივით და რატომ იღებს ათიათასობით ბავშვი განათლებას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობასთან საერთოდ შეხება არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.