მეგობრობა არ უნდა იყოს და ვერ იქნება ცალმხრივი - გრიგოლ გეგელია
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აზერბაიჯანის მიერ ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
გეგელიას განცხადებით, „ლელო - ძლიერი საქართველო“ იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს ეს კითხვები ეფუძნებოდა როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ასევე ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობის გააზრებას.
სამწუხაროდ, თანაბარ პატივისცემას და გააზრებას ვერ ვხედავთ აზერბაიჯანის განცხადებაში, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს იმასაც კი, თუ რატომ მოიხსენიებს საპატრიარქო ამ ტაძარს ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიად, რაც მას სულ მცირე 1310 წლიდან ჰქვია“, - განაცხადა გეგელიამ.
მისივე თქმით, საქართველო აფასებს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და აზერბაიჯანელ ხალხთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თუმცა, მისი შეფასებით, მეგობრობა და პარტნიორობა საკუთარი ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კითხვებზე უარის თქმას არ უნდა ნიშნავდეს.
„მეგობრობა არ უნდა იყოს და ვერ იქნება ცალმხრივი. მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დასმულ კითხვებზე უარის თქმას და ჩვენთვის მიუღებელი ტონით საუბარს“, - აღნიშნა მან.
გეგელიამ ქურმუხის ტაძრის საკითხი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ხელისუფლების პირობებში „სულ უფრო გახშირდა დამამცირებელი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ“.
„რასაკვირველია, გელათის დამანგრეველი და საყდრისის ამფეთქებელი რეჟიმისგან ვერ გვექნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ვერავითარი მოლოდინი. საზოგადოებას კარგად ახსოვს ისიც, რომ ხელისუფლებას, რომლებიც წლების განმავლობაში ბოროტად მანიპულირებდა დავით გარეჯის საკითხით, დღემდე არ უთქვამს საზოგადოებისთვის, თუ რას მიაღწია ამ მიმართულებით გარდა პროპაგანდისტული ბაქიბუქისა,“ - აღნიშნა გეგელიამ.
„ლელო“ მიესალმება სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას, თუმცა არა საკუთარი ეროვნული ღირსებისა და პოზიციების დათმობის ხარჯზე“, - განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ტაძარი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, საქართველოსა და ქართული ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.
საპატრიარქოს განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს ბოლო განცხადებები ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას.