საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი - ირაკლი კირცხალია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიციის დეკლარირება იყო.
„პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ამოცანას — ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას. მისი მიმართვა ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გზა არის დიალოგი, შერიგება, ნდობის აღდგენა და ერთმანეთის დაბრუნება“, — განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ „ძალიან კარგად იცის ომის ფასი“, ამიტომ მშვიდობაზე საუბარი პოლიტიკური ლოზუნგი ან სისუსტის გამოხატულება არ არის.
„დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება სიმტკიცე, პრინციპულობა და გონიერება“, — აღნიშნა მან.
კირცხალიას განცხადებით, საქართველო ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს და ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს.
„საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ეს პრინციპი ჩვენთვის არ იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის პოლიტიკური წნეხი, ვის რა ინტერესი აქვს რეგიონში ან რა პოლიტიკური კონიუნქტურაა დღეს ამა თუ იმ დედაქალაქში“, — განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა მიიღებოდეს.
„ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ვერ გადაგვახვევინებს ვერც საგარეო ზეწოლა, ვერც შიდა პოლიტიკური რადიკალიზმი და ვერც ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკას მუდმივად სხვისი ინტერესებისა და სხვისი დღის წესრიგის პერსპექტივიდან უყურებენ“, — განაცხადა კირცხალიამ.
მისი შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას, რომ ვინმემ „მშვიდობის ფასად საკუთარი პოლიტიკური სცენარები“ საქართველოს ტერიტორიაზე გამოცადოს.
„საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი. ამიტომ თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს“, — განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.