მსოფლიო
    2026-09-30 | 11:15

    საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს

    საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს

    საფრანგეთში, სკოლებში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამშაბათს 440 ადამიანი დააკავეს, მათ შორის უმეტესობა არასრულწლოვანია, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნიუნეზმა.

    საპროტესტო მოძრაობა გასულ კვირას პარიზის რეგიონში დაიწყო. მოსწავლეები რამდენიმე დღის განმავლობაში ბლოკავდნენ სკოლების შესასვლელებს. მათი მოთხოვნები, მათ შორის, გადატვირთულ კლასებსა და მასწავლებლების დეფიციტს უკავშირდება.

    საფრანგეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებმა ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 400 სკოლაზე იმოქმედა.

    სამშაბათის აქციების დროს დაშავდა სულ მცირე 10 მასწავლებელი, რამდენიმე მოსწავლე და სამართალდამცავი უწყებების 48 წარმომადგენელი.

    ფრანგული მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს სხვადასხვა ნივთები ესროლა, რასაც სამართალდამცველებმა ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს. ასევე გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს ცეცხლმოკიდებული ნაგვის ურნები და დაზიანებული ავტობუსის გაჩერებები.

    „ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი გზავნილი მივაწოდოთ. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ უმიზეზოდ ყველაფერი დავანგრიოთ. სწორედ იმის თქმა გვინდა, რომ განათლების სისტემა მთლიანად მოშლილია. თითოეულ კლასში 34 მოსწავლეა და ეს უბრალოდ შეუძლებელია. მასწავლებლები გადატვირთულები არიან“, – განაცხადა 16 წლის მოსწავლემ AFP-სთან საუბრისას.

    საფრანგეთის განათლების მინისტრმა ედუარ გეფრემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მოსწავლეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ძალადობის შესახებ ცნობებს „გაუმართლებელი“ უწოდა.

    შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ იყო, ხოლო დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

    მოსწავლეთა კავშირის Union Syndicale Lycéenne-ის პრეზიდენტმა რიად რანიმ, თავის მხრივ, საფრანგეთის ხელისუფლება „რეპრესიაში“ დაადანაშაულა, ხოლო პოლიცია – ძალის გადამეტებაში.

    ნიუნეზმა პოლიციის მოქმედებების კრიტიკაზე პასუხად განაცხადა, რომ სამართალდამცველების რეაგირება „უკიდურესად პროპორციული“ იყო.

    საპროტესტო აქციებს წინ უძღოდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნიუს განცხადება, რომელმაც ორშაბათს სტუდენტური პროტესტის შესაძლო ესკალაციას „უპასუხისმგებლო“ უწოდა. მისი თქმით, აქციების ფარგლებში ადგილი ჰქონდა ფეიერვერკების გამოყენებას, ხანძრებსა და სკოლებთან ძალადობის შემთხვევებს.

    მოსწავლეთა პროტესტები სამშაბათს დაემთხვა პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ ქვეყნის მასშტაბით გაფიცვებსაც. აქციებში მონაწილეობდნენ მასწავლებლები, საავადმყოფოების თანამშრომლები და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დაბალ ხელფასებსა და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ.

    შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციებში დაახლოებით 200 000 ადამიანი მონაწილეობდა და მათი უმეტესობა ინციდენტების გარეშე ჩატარდა.