მსოფლიო
    2026-10-01 | 12:04

    ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი პატიმარი ორი ლეტალური ინექციის შემდეგ გადარჩა

    ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი პატიმარი ორი ლეტალური ინექციის შემდეგ გადარჩა

    აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი პატიმრის, ქრისტა პაიკის, სიკვდილით დასჯის აღსრულება ორი ლეტალური ინექციის გაკეთების მიუხედავად ვერ მოხერხდა. პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სიცოცხლის შესანარჩუნებლად სამედიცინო დახმარებას უწევენ, — ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.

    პაიკის იურიდიულმა გუნდმა სიკვდილით დასჯის პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს გადაუდებელი შუამდგომლობით მიმართა და მისი შეჩერება მოითხოვა. ადვოკატების განცხადებით, პაიკმა გონება დაკარგა, თუმცა გულისცემა კვლავ აღენიშნებოდა და ის ხმამაღლა ხვრინავდა.

    ერთ-ერთმა ადვოკატმა BBC-ს განუცხადა, რომ 50 წლის პაიკს ორი შპრიცით პენტობარბიტალი გაუკეთეს, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ღონისძიებები უტარდება.

    პაიკს სიკვდილით დასჯა 1996 წელს 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის მიუსაჯეს. მისი სიკვდილით დასჯა ბოლო წუთამდე სასამართლო დავის საგანი იყო. საბოლოოდ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ლეტალური ინექციის გამოყენების უფლება გასცა.

    პაიკი 18 წლის იყო, როდესაც მან მაშინდელ მეგობარ მამაკაცთან, ტადარილ შიპთან ერთად, 19 წლის სლემერი სცემა, აწამა და მოკლა. ისინი სლემერს პრობლემური მოზარდებისთვის განკუთვნილ პროფესიული გადამზადების ბანაკში შეხვდნენ.

    სლემერის დედა, მეი მარტინესი, იმ ადამიანებს შორის იყო, ვინც პაიკის სიკვდილით დასჯას ითხოვდა. ოთხშაბათს საღამოს მომხდარის შემდეგ მან NBC News-ს განუცხადა: „ეს არეულობა იყო“.

    სიკვდილით დასჯის აღსრულების მცდელობა ნეშვილში, რივერბენდის მაქსიმალური უსაფრთხოების დაწესებულებაში, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო.