სოცმედია
    2026-10-03 | 12:27

    ღია წერილი ქართულ ოპოზიციას ... თუ, რა თქმა უნდა, ამ "მისამართზე" ჯერ კიდევ ვინმე ცხოვრობს - ბესიკ ლაგვილავა

    ღია წერილი ქართულ ოპოზიციას ... თუ, რა თქმა უნდა, ამ "მისამართზე" ჯერ კიდევ ვინმე ცხოვრობს - ბესიკ ლაგვილავა

    პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბესიკ ლაგვილავა სოციალურ ქსელში წერს:

    „ღია წერილი ქართულ ოპოზიციას

    ... თუ, რა თქმა უნდა, ამ "მისამართზე" ჯერ კიდევ ვინმე ცხოვრობს.

    დავიწყებ კითხვით - თქვენ... არსებობთ?

    ბატონებო და ქალბატონებო, ერთი რამ გამარკვიეთ- თქვენ ხელისუფლებას გამოუცხადეთ ბოიკოტი თუ... საკუთარ პოლიტიკურ არსებობას?!

    IRI-ის სახელით არაოფიციალურად გავრცელებულ მონაცემებში „ნაციონალურ მოძრაობას“ 5% უწერია, რამდენიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას - 2%, ზოგს - 1%. ამ ციფრებს საბოლოო განაჩენად ვერ მივიღებთ, მაგრამ თქვენი პოლიტიკური კატასტროფის სანახავად სოციოლოგის გამოძახება აუცილებელი სულაც არ არის.

    ვისაც თქვენი იმედი ჰქონდა, ის ხალხი იმედგაცრუებული გიყურებთ. თქვენ კი კვლავ ისე საუბრობთ მომავალ გამარჯვებაზე, მმართველ პარტიაში ბზარებზე, რომელიც გახლეჩს მას, თითქოს წინა დამარცხებები ვიღაც სხვა ოპოზიციას ეკუთვნოდა.

    2012 წლის შემდეგ ოპოზიციაში გადასულ პოლიტიკურ ძალებს საკუთარი წარსულის პატიოსანი შეფასება, განახლება და დაკარგული ნდობის დაბრუნება სჭირდებოდა. თქვენ კი ხალხის უკმაყოფილო იყავით - ვერ გავგვიგოო...

    თქვენმა გაერთიანება-დაშლამ, შემდეგ ხელახალმა გაერთიანება-დაშლამ, ახალი სახელწოდებებმა, ძველმა წყენამ მარაზმატული ხასიათი მიიღო.. ხალხმა ვერ გაიგო ან რატომ ერთიანდებოდით ან რატომ იშლებოდით ან რატომ აგინებდით ერთმანეთს ისინი, ვინც გუშინ ერთმანეთს ტელეკამერების წინ პირზე კოცნით ესალმებოდით!

    პირველობა ყველას უნდოდა. პარტიის მშენებლაობაში მონაწილეობა - არავის! .

    შემდეგ, განსაკუთრებით 2020 წლიდან, პოლიტიკის მთავარ საკითხად იქცა: შევდივართ პარლამენტში თუ არ შევდივართ? გამოვდივართ თუ ვრჩებით? ვინც შევიდა - მოღალატეა? ვინც გამოვიდა - გმირია? ხვალ თუ შევიდა, გუშინდელი გმირობა გაუუქმდება? თუ "მოღალატე" გამოვიდა - გმირად იქცევა?

    გესმით, საკუთარი მოქმედებების აბსურდულობა და ოქსიმორონი?

    პარლამენტში შესვლა-გამოსვლის დაუსრულებელმა დავამ იმდენი ენერგია წაიღო, ზოგჯერ გეგონებოდა, ქვეყნის მთავარი პრობლემა პარლამენტის კარის მექანიზმი იყო.

    პარლამეტის კარებს დაანებეთ თავი.. თუ ჭრიჭინებს - ტაოტს მოგაშველებთ, თქვე უბედურებო თქვენა!

    ახლა მთავარი კითხვა:

    რა მიიღო ქვეყანამ ამ პერმანენტული ბოიკოტებით? რა მიიღეთ თქვენ? დამისახელეთ, ერთი მყარი პოლიტიკური მონაპოვარი, რომელიც მოიპოვეთ, შეინარჩუნეთ და შემდეგ უფრო დიდ წარმატებად აქციეთ.

    ამასაც მონაპოვრად როგორ ჩავთვლი, მაგრამ ერთადერთი, 2021 წლის კრიზისიდან გამოსვლის მოლაპარაკებებმა მახსოვს 19 აპრილის შეთანხმება მოიტანა - კონკრეტული რეფორმებისა და პოლიტიკური პირობების დოკუმენტი. შეთანხმებიდან შემდეგ თავად „ქართული ოცნება“ გავიდა. მაგრამ ეს მაგალითი სწორედ იმას გვაჩვენებს, რომ პროტესტი - პროტესტისთვის აბსურდია! პროტესტს სჭირდება მოლაპარაკების მიზანი, შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულებისთვის ბრძოლა.

    თქვენ იმედი გქონდათ ცარიელი სკამი პარლამენტში თავისით რაღაცას გააკეთებდა? ახტებოდა-დახტებოდა - "გადადექით" დაიძახებდა და ხელისუფლებაც გადადგებოდა?

    ცარიელი სკამი გინდ პარლამენტში მდგარა და გინდაც "ბლიადსკი პარკში" თავისით არაფერს აკეთებს.... ერთადერთი სიკეთე რაც მოაქვს, მომავალ პარლამენტარებს გაუცვეთლად ენახება!

    2024 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში არშესვლით ხელისუფლებას ერთპარტიულობის გარკვეული პოლიტიკური დისკომფორტი შეუქმენით.

    მერე? შედეგი?

    რამდენ ხელისუფლებისთვის სასურველ და მიუღებელ კანონად იქცა "დისკომფორტი"? რამე დათმობას მიაღწიეთ?

    ერთადერთი "დისკომფროტი" - თავიდან ხელისუფლებას უცხოელებისთვის ცარიელი დარბაზის ახსნა უწევდა. მერე დაიკიდა... სამაგიეროდ, "დისკომფორტს" "კომფორტიც" ახლდა - პარლამენტში აღარ ისმებოდა ხელისუფებისთვის უხერხული კითხვები და არც საჯარო მხილების შესახებ გამიგია რამე.

    თქვენ გარედან ყაყანებდით, რომ პარლამენტი არ არსებობდა. ის შიგნიდან იღებდა კანონებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზეც ვრცელდებოდა.

    გახარიას პარტიამ ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა და ამით აღიარა ბოიკოტის უშედეგობა. პოლიტიკაში, როგორც ომში, როცა ხედავ კედელს ეჯახები - ტაქტიკის შეცვლა შეიძლება აუცილებელიც იყოს. მაგრამ ამომრჩეველს უნდა აუხსნა, რატომ იყო გუშინ - "არშესვლა" ერთადერთი სწორი გზა და დღეს - "შესვლა" რატომ გახდა გამოსავალი?!

    მოდი, დავთვალოთ რა დაკარგეთ პოლიტიკური პროცესების ბოიკოტორებით:

    - დაკარგეთ მხარდამჭერები !

    - საპარლამენტო ტრიბუნა - შესაძლებლობა, სახელმწიფო პრობლემებზე ყოველდღე გელაპარაკათ;

    - კონტროლის ბერკეტები - დეპუტატის კითხვები, ინტერპელაცია, საკომიტეტო მუშაობა, თანამდებობის პირებისთვის პასუხის მოთხოვნა.

    - ამომრჩევლისთვის საკუთარი ალტერნატივის ჩვენების შესაძლებლობა - კონკრეტული კანონპროექტები, წინადადებები, თქვენ უსარგებლოდ ჩათვალეთ - ამომრჩევლისთვის გენახვებინათ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყავით, რას გააკეთებდით.

    - პროფესიული და ორგანიზაციული რესურსი - საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილება, აპარატისა და ექსპერტების მხარდაჭერა, საკუთარი ახალი კადრების ყოველდღიურ მუშაობაში გაზრდა.

    - ადგილობრივი საყრდენი - არჩევნებში არმონაწილეობა საკრებულოებში წარმომადგენლობის მოპოვების შესაძლებლობაზეც უარია. რეგიონში პარტიას ოფისი, გუნდი და მოქალაქის კონკრეტულ პრობლემაზე მომუშავე ადამიანი სჭირდება. თქვენ ეს რესურსი გაფანტეთ!

    - დაკარგეთ ურთიერთნდობა, მოლაპარაკების წონა - პარტნიორს უნდა ესმოდეს, რას ითხოვთ, რაზე თანხმდებით და მიღებულ გადაწყვეტილებას რამდენ ხანს დაიცავთ.

    - დრო და პოლიტიკური ინიციატივა - ყველაზე ძვირი რესურსი. წლები, რომლებშიც ხელისუფლება საკუთარ წესებს ამკვიდრებდა, თქვენ კი ისევ არჩევდით, სად უნდა გებრძოლათ. ქუჩაში თუ დარბაზში!

    მე მათემატიკოსი ვარ და ყველაფერს ცნებების გარკვევით ვიწყებ.

    იმისთვის, რომ საზოგადოება გაერკვეს, რა გააკეთოს მომავალში, გულწრფელად აუხსენით მას, რას ნიშნავდა თქვენს გეგმაში „ბოიკოტი შედგა“? რას ელოდით? რა მიიღეთ და სად შეგეშალათ?!

    წინა ბოიკოტმა კრახი განიცადა... ძალიან ახლოს არის 2028 წლიის არჩევნები! რა შვრებით - მორიგ ბოიკოტს უცხადებთ?

    ამასობაში, ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებდა. ავრცელებდა „ომისგან გადარჩენის“, „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფსტეიტის“ ამბებს - მარტივ სურათს, რომელშიც თვითონ ქვეყნის მხსნელია, ყველა მოწინააღმდეგე კი მოღალატე და აგენტი!

    თქვენ რას უპირისპირებდით?

    მორიგ განცხადებას, რომ დასავლეთი მალე ყველაფერს მიხედავს?

    დასავლეთი საქართველოში პარტიულ ორგანიზაციას ვერ აგიშენებთ. სოფელში თქვენ ნაცვლად ვერ ჩავა. მოქალაქის შიშებს და მის სურვილებს თქვენ ნაცვლად ვერ მოუსმენს.

    ამომრჩევლის გადმობირებას ყოველდღიური შრომა სჭირდება.

    ვხედავ რეპრესიებს, დაპატიმრებებს, დაშინებას. ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე უზარმაზარია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობაც რეალობაა.

    მაგრამ სწორედ ასეთ დროს არის საჭირო პასუხი: რა არის თქვენი მოქმედების გეგმა? ვინ რას აკეთებს? რა ვადაში? როგორ გავიგებთ, რომ წინ წავიწიეთ?

    და კიდევ: თქვენს დაძახილზე ხალხი აღარ გამოვა!

    „გამოდით!“ - რამდენჯერ უნდა შემოგვასაღოთ პოლიტიკურ პროგრამად ?!“