პოლიტიკა
    2026-10-05 | 16:23

    გასული დღეების განმავლობაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ვისმენთ უმძიმეს ფაქტებს, ციხეებში არის უდიდესი პრობლემები - ლანა გალდავა

    გასული დღეების განმავლობაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ვისმენთ უმძიმეს ფაქტებს, ციხეებში არის უდიდესი პრობლემები - ლანა გალდავა

    „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, საქართველოში პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემები ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

    მისი თქმით, საუბარია პატიმრის თვითმკვლელობაზე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მძიმე მდგომარეობასა და პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელებულ კადრებზე.

    „გასული დღეების განმავლობაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ვისმენთ უმძიმეს ფაქტებს. კერძოდ, პატიმრის თვითმკვლელობა; მსჯავრდებულ დავითაძის მძიმე მდგომარეობა და მძიმე კადრები, რაც გავრცელდა პენიტენციური დაწესებულებიდან. ყველაფერი ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ციხეებში არის უდიდესი პრობლემები“, - განაცხადა გალდავამ.

    მისი თქმით, 2027 წლის ბიუჯეტში პენიტენციური სისტემისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 35 მილიონი ლარით იზრდება და 358 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა, მისივე შეფასებით, ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

    გალდავა აცხადებს, რომ ბიუჯეტში არაფერია ნათქვამი პენიტენციურ სისტემაში კვალიფიციური კადრების დამატებაზე, მაშინ როდესაც, მისი თქმით, დაწესებულებები გადატვირთულია და თანამშრომლების რაოდენობა არასაკმარისია.

    „არ იზრდება თანამშრომლების რაოდენობა, არ უმჯობესდება პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების მდგომარეობა, მაგრამ იზრდება ხელფასები იმ პირებისთვის, რომლებიც ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობენ თავს ხელფასების მატებით, მაგრამ პატიმრების მდგომარეობა კი კვლავ უარესდება“, - განაცხადა მან.

    გალდავას განცხადებით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 14 წლის თავზე, პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 12 ათასს გადააჭარბა.

    მისივე თქმით, განსაკუთრებით გადატვირთულია გლდანის, ქსნისა და ქუთაისის პენიტენციური დაწესებულებები, სადაც გადატვირთულობის მაჩვენებელი, მისი განცხადებით, 30-დან 55 პროცენტამდეა.

    „პატიმარი არ არის მხოლოდ საკანი. პატიმარი არის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობები, პატიმრობა ნიშნავს წვდომას სერვისებზე, ჯანდაცვის სერვისებზე, საგანმანათლებლო სერვისებზე, შესაძლებლობას, რომ საკმარისი და კვალიფიციური კადრი ემსახურებოდეს პენიტენციურ სისტემას და ამ მოცემულობით ვიღებთ მხოლოდ სახელფასო მატებას“, - აღნიშნა გალდავამ.

    მისი თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ ბიუჯეტის ზრდის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მოითხოვს პენიტენციური სისტემისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის გამჭვირვალობას.

    „ჩვენ არ ვართ ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგნი, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალეობას, რომ ბიუჯეტი მოხმარდეს პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას, პატიმართა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას“, - განაცხადა მან.

    გალდავამ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, პენიტენციურმა სისტემამ ვერ უზრუნველყო მისი უსაფრთხოება.

    „დავითაძის საქმე, პენიტენციურმა სისტემამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ რეზონანსული და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებისა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესების არსებობის პირობებში, ამ დღეების განმავლობაშიც კი ვერ დაიცვა მისი უსაფრთხოება და მან პროტესტის ნიშნად მოახერხა ის, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთები გადაყლაპა, ანუ უსუსურია სისტემა“, - განაცხადა გალდავამ.

    გალდავა ასევე საუბრობს პენიტენციურ სისტემაში „ქურდული სამყაროს გავლენების“ ზრდაზე და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პატიმრობის ალტერნატიული, არასაპატიმრო სასჯელები უფრო მეტად უნდა გამოიყენოს.

    „მოვითხოვთ იმას, რომ მიხვდეს „ქართული ოცნება“, რეპრესიები არ არის გამოსავალი, რაც იმაშიც მდგომარეობს, რომ არასაპატიმრო სასჯელები ნაკლებად არის გამოყენებული და თითქმის ყველას უსჯიან პატიმრობას, პატიმრობას გადატვირთულ ციხეებში სერვისებთან არათანაბარი წვდომით“, - აღნიშნა მან.

    მისივე თქმით, აუცილებელია პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება და გაეროს სტანდარტებით გათვალისწინებული მინიმალური წესების დაცვა.

    „გამჭვირვალეობას და ყველა დამნაშავის დასჯას ვითხოვთ, რომელიც ამ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში ხელს უწყობს არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობას და დამნაშავე კლანის გაღვივებას, რაც არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

     

     

    მსგავსი სტატიები