პოლიტიკა
    2026-10-06 | 15:41

    გამართლებულად მიმაჩნია, ადამიანებმა ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რომელიც არათუ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ საქართველოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობაა - ლაშა ფარულავა

    გამართლებულად მიმაჩნია, ადამიანებმა ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რომელიც არათუ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ საქართველოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობაა - ლაშა ფარულავა

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების — მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძისა და გური ჟვანიას მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

    როგორც ფარულავამ განაცხადა, 4 ოქტომბრის აქცია მშვიდობიანი იყო და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.

    მისი თქმით, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და საგამოძიებო სისტემის არარსებობის პირობებში, მსჯავრდებულებმა არსებული შესაძლებლობით უნდა ისარგებლონ.

    „4 ოქტომბრის აქცია იყო მშვიდობიანი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ინდივიდუალური საკითხია. როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობს, რაზეც თავად ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო ორჯერ და ერთხელ თავდაცვის მინისტრი, როდესაც არ არის დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა და სასამართლო, ამ შემთხვევაში გამართლებულად მიმაჩნია, ადამიანებმა ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რომელიც არათუ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ საქართველოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობაა, რომლითაც უნდა ისარგებლოს ყველამ“, — განაცხადა ფარულავამ.

    მისივე თქმით, აღნიშნული შესაძლებლობა საპატრიარქოსა და პირადად შიო III-ის ჩართულობით შეიქმნა.

    „ეს არის შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდა. ნულოვანი თანაგრძნობის პარადიგმა, რომელზედაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა, ყველას გახსოვთ. ეს შესაძლებლობა საპატრიარქოს ჩართულობით, პირადად შიო III-ის ჩართულობით შეიქმნა. მე არ შევალ ურთიერთბრალდებების საკითხში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მადლობა პატრიარქ შიო მესამეს“, — აღნიშნა ლაშა ფარულავამ.