გრიპის სეზონი საქართველოში ნოემბრიდან დაიწყება, პიკი დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისშია მოსალოდნელი - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის შემთხვევების მატება ნოემბრიდან არის მოსალოდნელი, ხოლო სეზონის აქტიურობის პიკი შესაძლოა დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში დაფიქსირდეს.
მისივე თქმით, 2026 წლის სეზონი, არსებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ ორ წელთან შედარებით ნაკლებად აქტიურია. შემცირებულია როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვიანობა, ასევე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.
„მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი იქნება იმ სტატისტიკის ფარგლებში, რაზეც მრავალწლიანი მონაცემები მიუთითებს. ნოემბერში დაიწყება გრიპის შემთხვევების მატება, ხოლო დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი შესაძლოა, იყოს გრიპის აქტიურობის პიკი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველაზე მეტად რინოვირუსი ცირკულირებს და ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 60% მასზე მოდის. ასევე ფიქსირდება ე.წ. ძველი კორონავირუსი, პარაგრიპი და ადენოვირუსი, რომლებიც, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადებას იწვევენ.
ჩხაიძის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში სტაბილურად ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც.
„თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას დავეყრდნობით, ყველაზე მეტი წილი მოდის რინოვირუსზე. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 60% რინოვირუსით არის განპირობებული. ეს ნიშნავს, რომ მიმართვიანობა ფოკუსირებულია პირველად ჯანდაცვაზე და არა სტაციონარზე“, – აღნიშნა მან.
ჩხაიძე ასევე გამოეხმაურა იაპონიაში გრიპის ადრეულ გავრცელებას და განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტს საქართველოს გრიპის სეზონზე გავლენა არ ექნება.
„ერთადერთი ქვეყანა, სადაც ფიქსირდება გრიპის ადრეული აფეთქება და გრიპის ვირუსის ადრეული დასაწყისი, ეს იაპონიაა. გრიპის ვირუსი აგვისტოში დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიმდინარე სეზონი იქ გამორჩეულია. ამას არანაირი გავლენა არ გააჩნია საქართველოზე არც პროგნოზულად და არც რეალური ზემოქმედების თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საქართველოში გრიპის შემთხვევების მატება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება და მიმდინარე სეზონზე სტანდარტული სურათია მოსალოდნელი.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ოპტიმალურ პერიოდად ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა, განსაკუთრებით კი რისკის ჯგუფებისთვის. მათ შორის არიან 65 წლის და უფროსი ასაკის პირები, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები და სამედიცინო პერსონალი.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაა დაგეგმილი.
ჩხაიძის განმარტებით, გრიპის ვირუსის შტამები ყოველწლიურად იცვლება და ვაქცინით მიღებული დაცვა ერთი წლის განმავლობაში არ ნარჩუნდება. მისი თქმით, ვაქცინის დაცვის უნარი საუკეთესო შემთხვევაში 6-8 თვის განმავლობაში გრძელდება.
„წელს ვაქცინის შემადგენლობა 100%-ით განახლებულია. 3-კომპონენტიანი ვაქცინა ნიშნავს, რომ წელს მოსახლეობას შევთავაზებთ გრიპის საწინააღმდეგო დაცვას, რომელშიც შევა ორი A ტიპის და ერთი B ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ძირითად კომპონენტებს წელს A ტიპის მისურის, A ტიპის დარვინისა და B ტიპის ტოკიოს შტამების შესაბამისი კომპონენტები წარმოადგენს.