პოლიტიკა
    2026-10-16 | 09:02

    „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ევროპის საბჭოს ინსტიტუციური სისუსტეები ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გამოიყენოს - კახა გოგოლაშვილი

    „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ევროპის საბჭოს ინსტიტუციური სისუსტეები ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გამოიყენოს - კახა გოგოლაშვილი

    საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების მექანიზმებში არსებული ხარვეზები და დროითი შეფერხებები ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გამოიყენოს.

    ამის შესახებ გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს და სცენარს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სცადოს.

    ექსპერტის ვარაუდით, აკრძალული პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეძლებენ, თუმცა საქმის განხილვასა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. მისი შეფასებით, ამ პერიოდში მმართველ გუნდს შესაძლებლობა ექნება, ოპოზიციის ნაწილის არჩევნებში მონაწილეობის გარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

    „ასეთ პირობებში მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა უჩნდება. ალბათ ზედმეტია იმის ახსნა, რისთვის შეიძლება დასჭირდეს „ქართულ ოცნებას“ ასეთი უმრავლესობა და რა დამატებით ბერკეტებს მისცემს მას კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა“, — წერს გოგოლაშვილი.

    მისი მოსაზრებით, პარალელურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და მინისტრთა კომიტეტმა შესაძლოა მიიღონ შესაბამისი რეზოლუციები და გადაწყვეტილებები, მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენისკენ და გააფრთხილონ შესაძლო სანქციების, მათ შორის, წევრობის უფლებების შეჩერების შესახებ.

    გოგოლაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამ პროცესში დიპლომატიურ კონსულტაციებს გამოიყენებს და შესაძლოა, გარკვეულ დათმობებზეც მიანიშნებდეს, რათა დრო მოიგოს. მისი შეფასებით, სანამ ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობის შეჩერების ან ორგანიზაციიდან გარიცხვის საკითხი საბოლოოდ დადგება, ხელისუფლებამ შესაძლოა თანხმობა განაცხადოს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც აკრძალული პარტიების უფლებების აღდგენის შესაძლებლობას შექმნის.

    თუმცა, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამ სცენარს მნიშვნელოვანი სამართლებრივი დაბრკოლება აქვს: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ჩვეულებრივი წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, მხოლოდ კანონმდებლობის შეცვლა პარტიების აკრძალვის შესახებ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას ავტომატურად ვერ გააუქმებს და მათი სამართლებრივი სტატუსის აღსადგენად შესაძლოა დამატებითი საკანონმდებლო და სასამართლო მექანიზმების შექმნა გახდეს საჭირო.

    „ამ პროცესმა შეიძლება იმდენი დრო წაიღოს, რომ აკრძალულმა პარტიებმა 2028 წლის კი არა და, შესაძლოა, 2032 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ვერ შეძლონ მონაწილეობა“, — წერს გოგოლაშვილი.

    ექსპერტის შეფასებით, საბოლოოდ, შესაძლოა, საქართველომ ევროპის საბჭოდან გარიცხვას თავი აარიდოს, თუმცა მმართველმა გუნდმა მანამდე მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა და ძალაუფლების კონსოლიდაციის შედეგად მიღებული პოლიტიკური უპირატესობა შეინარჩუნოს.

    გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას კონსტიტუციური წესრიგის არსებითი ცვლილების შესაძლებლობას მისცემდა, მათ შორის, დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შემდგომი შესუსტების, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კონსტიტუციური ვალდებულების გადასინჯვისა და ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის რადიკალური შეცვლის მიმართულებით.

    მისივე შეფასებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოიწვევდა ამ ბერკეტების შესაძლო გამოყენება რუსეთთან ისეთი პოლიტიკური შეთანხმებების მისაღწევად, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.

    „ამ სცენარის მთავარი საფრთხე ის არის, რომ ევროპის საბჭომ შესაძლოა საბოლოოდ მიაღწიოს კონკრეტული ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებების გაუქმებას, მაგრამ ვეღარ შეძლოს მათი პოლიტიკური შედეგების გამოსწორება“, — აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

    მსგავსი სტატიები