დევნილებისთვის კომპენსაცია უსახლკარობის რისკს ქმნის - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებლის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის გაცემის მთავრობის ინიციატივას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პროგრამამ შესაძლოა, საცხოვრისისა და დანაზოგის არმქონე ოჯახების უსახლკარობისა და სოციალური გარიყულობის რისკი გაზარდოს.
ცენტრის შეფასებით, პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარია გათვალისწინებული, კომპენსაციის მიღება კი ოჯახს მომავალში სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი საცხოვრისით უზრუნველყოფის შესაძლებლობას აკარგვინებს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კომპენსაციის ოდენობა შესაძლოა, საცხოვრებლის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდეს, ხოლო მისი განსაზღვრის მეთოდოლოგია საჯაროდ დასაბუთებული არ არის.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული 97 280 დევნილი ოჯახიდან 45 160 ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრისი ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული.
ორგანიზაციის შეფასებით, ხანგრძლივი ლოდინისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, დევნილებმა შესაძლოა, კომპენსაციაზე თანხმობა თავისუფალი არჩევანის ნაცვლად, იძულებითი გადაწყვეტილების სახით მიიღონ.
ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ განმარტოს პროგრამის სამართლებრივი შედეგები, დაასაბუთოს კომპენსაციის ოდენობის ადეკვატურობა და უზრუნველყოს გარანტიები იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მიღებული თანხით სათანადო საცხოვრებლის შეძენას ვერ შეძლებენ.
მთავრობის ინფორმაციით, პროგრამისთვის მიმდინარე წელს 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო მომდევნო წლებში მისი გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელება იგეგმება.