საზოგადოება
    2026-10-19 | 16:28

    ფრანჩესკო ტოტი და პაოლო კონდო თბილისში გამართულ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობდნენ

    ფრანჩესკო ტოტი და პაოლო კონდო თბილისში გამართულ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობდნენ

    იტალიის სპორტის დღის ფარგლებში, თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში, საფეხბურთო ღონისძიება „Golden Week of Football Tbilisi“ გაიმართა, რომელშიც იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრანჩესკო ტოტი და ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი პაოლო კონდო მონაწილეობდნენ.

    ღონისძიება იტალიის საელჩოს ორგანიზებითა და Sports Orient-თან თანამშრომლობით ჩატარდა. მისი მიზანი სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით იტალიური სპორტული ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაცია იყო.

    ფორუმის დაწყებამდე იტალიის საელჩოს რეზიდენციაში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც იტალიის ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ უმასპინძლა. მიღებას ესწრებოდნენ ფრანჩესკო ტოტი, თბილისის მერი კახა კალაძე, იტალიური საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წარმომადგენელი და სერია A-ს საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი მუთაზ ჩეჰადე, ასევე ქართული ფეხბურთის წარმომადგენლები და სპორტის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

    მიღების ფარგლებში ფრანჩესკო ტოტიმ კახა კალაძეს სერია A-ს საფეხბურთო თასი სიმბოლურად გადასცა.

    იტალიის ელჩის, მასიმილიანო დ’ანტუონოს განცხადებით, თბილისში იტალიური სპორტისა და სპორტული ჟურნალისტიკის ორი გამორჩეული წარმომადგენლის მასპინძლობა საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.

    „დღეს ჩვენ დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ თბილისში იტალიური სპორტისა და სპორტული ჟურნალისტიკის ორ გამორჩეულ წარმომადგენელს: ფრანჩესკო ტოტის, საფეხბურთო კლუბ „რომას“ სიმბოლოსა და უცვლელ კაპიტანს, რომელმაც იტალიური ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვა, და პაოლო კონდოს, რომელიც სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გამორჩეული ხმაა“, – განაცხადა ელჩმა.

    მისივე თქმით, საქართველოში სტუმრების ვიზიტი და სერია A-ს საფეხბურთო თასის ჩამოტანა იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული კავშირების განმტკიცების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.

    „ფეხბურთი ხომ ის სპორტია, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს, ადამიანებს, სხვადასხვა ქვეყნებსა და განსხვავებულ კულტურებს აახლოებს და დიალოგის ხელშემწყობ მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს“, – აღნიშნა მასიმილიანო დ’ანტუონომ.

    იტალიის სპორტის დღე იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივაა და სპორტის საშუალებით იტალიური სპორტის, სპორტსმენებისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების საერთაშორისო პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.