პოლიტიკა
    2026-10-21 | 17:56

    რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში წარმომადგენლის ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვრულია - აკაკი ბობოხიძე

    რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში წარმომადგენლის ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვრულია - აკაკი ბობოხიძე

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

    ბობოხიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რუსეთთან ურთიერთობის საკითხში კონკრეტული წარმომადგენლის ვინაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, მისი შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

    „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში პერსონებს მნიშვნელობა არ აქვთ, იქნებოდა ზურაბიშვილი, აბაშიძე თუ რომელიმე სხვა. სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია. რეალურად, ჩვენ ვართ დანამატი პოლიტიკის რუსული, არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, არ გვაქვს“, – განაცხადა ბობოხიძემ.

    მისივე შეფასებით, საქართველოსთვის დამღუპველია ჟენევის ფორმატის მიღმა დამატებითი, დახურული და გაუმჭვირვალე მოლაპარაკებების ფორმატის არსებობა, რომლის შესახებაც ინფორმაცია არც ფართო საზოგადოებას და არც პოლიტიკურ წრეებს აქვთ.

    ბობოხიძის თქმით, რუსეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზეა ორიენტირებული და სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავსი პატარა სახელმწიფოს ინტერესებს არ ითვალისწინებს.

    „მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი პირადი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა ქვეყნის ინტერესებზე“, – აღნიშნა მან.

    ბობოხიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ურთიერთობაში ვაჭრობის პოლიტიკას ატარებს, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერთა დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, მისი შეფასებით, რუსეთის ინტერესების სასარგებლო განწყობებზე მიუთითებს.

    „ერთი სული აქვთ, როდის დამარცხდება უკრაინა. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – საკუთარი თავის ხელისუფლებაში შენარჩუნებას მხოლოდ პუტინის პოლიტიკის წარმატების შემთხვევაში ხედავენ. მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკა გაამართლონ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნისთვის რა არის სასარგებლო და საზიანო, მთავარია, მათი პოლიტიკა იყოს გამართლებული და ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ გაუხანგრძლივდეთ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

     

    მსგავსი სტატიები