პოლიტიკა
    2026-10-23 | 12:59

    საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ოპოზიციის მიმართ აგრესიას ღიად ავლენენ და შუამდგომლობებს უგულებელყოფენ - ირაკლი ფავლენიშვილი

    საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ოპოზიციის მიმართ აგრესიას ღიად ავლენენ და შუამდგომლობებს უგულებელყოფენ - ირაკლი ფავლენიშვილი

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მიმდინარე პროცესის სწრაფად დასრულებას ცდილობს და ოპოზიციის შუამდგომლობებს არ აკმაყოფილებს.

    როგორც ფავლენიშვილმა განაცხადა, სასამართლოს მოსამართლეები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან, რაც, მისი შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის მაჩვენებელია.

    „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არც ერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და გამოირჩევიან ძალიან აგრესიული განცხადებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ.

    აშკარად ჩანს, რომ პროცესის სწრაფად დასრულების ინსტრუქცია აქვთ მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ კვირაშიც დანიშნეს სხდომები. რაც შეეხება მიმდინარე შუამდგომლობების ეტაპს, გაირკვა, რომ ადრე, როდესაც ცდილობდნენ ხოლმე დემონსტრირებას და ერთ შუამდგომლობას მაინც დემონსტრაციულად აკმაყოფილებდნენ, ახლა ამ „დემოკრატიის შეფუთვაზე“ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

    მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავენ და ამ მხრივ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებსაც აჭარბებენ.

    „საქალაქო სასამართლოში უამრავ პროცესს ვესწრებით ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა იქაც კი არ არიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციის მიმართ აგრესიასა და ზიზღს ასე ღიად არ ფარავენ. ძალიან სამწუხაროა, თუ როგორ მიიტაცეს ინსტიტუციები და როგორ დააკომპლექტეს ისინი. ეს, რა თქმა უნდა, ამ პროცესშიც ჩანს“, – აღნიშნა მან.

    ფავლენიშვილი ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას.

    მისი განცხადებით, აღნიშნული დანიშვნა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის პარალელურად რუსეთისთვის გაგზავნილი პოლიტიკური გზავნილია.

    „ეს არის ღია მესიჯი, დაიწყო პოლიტიკური არჩევანის აკრძალვის საქმე და ამის პარალელურად დანიშნეს კონკრეტული სპეციალური წარმომადგენელი. ეს იყო ღია მესიჯი, რომ ივანიშვილი რუსეთს ყველა მიმართულებით რევერანს უკეთებდა და ის აპირებს, რომ ყველა ეკონომიკურ-პოლიტიკური ძირითადი მიმართულებით „გაუსწოროს“ კრემლს და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც არის მისაღები და ხელსაყრელი რუსეთისთვის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

    მსგავსი სტატიები