სოცმედია
    2026-11-22 | 13:01

    საპატრიარქო საეკლესიო „დიფ სთეითზე“ ალაპარაკდა და საკუთარ შეფს, რუსეთის პატრიარქ კირილეს, შესჩივლა - გოჩა მირცხულავა

    საპატრიარქო საეკლესიო „დიფ სთეითზე“ ალაპარაკდა და საკუთარ შეფს, რუსეთის პატრიარქ კირილეს, შესჩივლა - გოჩა მირცხულავა

    ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

    „საპატრიარქო საეკლესიო „დიფ სთეითზე“ ალაპარაკდა და საკუთარ შეფს, რუსეთის პატრიარქ კირილეს, შესჩივლა: „ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით“.

    ხვდებით, ხომ? საუბარია უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებაზე.

    წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, საკითხს ვსწავლობთ, ტომოსს ვეცნობით, კანონიკურ გარემოებებს ვარკვევთო. ახლა კი მოსკოვში ჩასულმა ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ ისეთი კატეგორიული პოზიცია გაახმოვანა, თითქოს საკითხი დიდი ხნის წინ ჰქონდეთ გადაწყვეტილი.

    გამოდის, ან ტომოსის შესწავლა არაფერს ნიშნავდა, ან საზოგადოებას მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდნენ.

    მაგრამ მთავარი სხვა რამეა. ვის ზეწოლაზე საუბრობს ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე? ვინ ახორციელებს ამ ზეწოლას? კონსტანტინოპოლის საპატრიარქო? უკრაინის ეკლესია? სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები? თუ ვინმე საქართველოს შიგნით? და თუ მართლაც არსებობს ზეწოლა, რატომ არ ასახელებს მას? რატომ ვიგებთ ამის შესახებ რუსეთის პატრიარქთან შეხვედრისას?

    რა მარაზმი და სირცხვილია, როდესაც დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ქართული ეკლესიის წარმომადგენელი უკრაინის ეკლესიის საკითხზე საკუთარ ურყევ ერთგულებას სწორედ მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის წინაშე ადასტურებს!

    და ამის შემდეგ კიდევ ვინმეს ენა როგორ მოგიბრუნდებათ, რომ არ იკითხოთ: საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა რეალურად რას ნიშნავს, თუ მისი წარმომადგენლები მოსკოვში მიდიან და რუსეთის საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე საკუთარ პოზიციას ასეთი ფორმით ადასტურებენ?

    სად მთავრდება კანონიკური არგუმენტი და სად იწყება რუსეთის ეკლესიის პოლიტიკური ინტერესების მომსახურება?

    ავტოკეფალია მხოლოდ ისტორიული ტიტული არ არის. ის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობაცაა.

    და როდესაც ამ დამოუკიდებლობის ნაცვლად მოსკოვის პოზიციის გამეორებას ვხედავთ, თან ამ ფორმით - ბრმისთვისაც ხილული უნდა გახდეს, რომ არანაირი ავტოკეფალური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ არის - ის დღეს რუსეთის ეკლესიის ეპარქიაა, თავისი ეგზარქოსით“.