„გეშინოდეთ ქართველი ხალხის!“ და ეს მხოლოდ სლოგანი არ არის - გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა გუშინ თამარ ჩერგოლეიშვილმა: „ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, ვისაც არ აქვს პასუხი სისტემურ სიღატაკეზე, ვისაც არ აქვს პასუხი კორუფციაზე, ვისაც არ აქვს პასუხი ემიგრაციასა და დაცლილ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს პასუხი სიღარიბეში ვიდეოქოლით გაზრდილ ბავშვებზე“. საინტერესო და, ჩემი აზრით, უზუსტესი ფორმულირებაა.
თითქოს ახალი არაფერი თქმულა. მსგავსი შინაარსის განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა უმეტესად სინანულის, თანაგრძნობისა და ხელისუფლებისგან პასუხის მოთხოვნის კონტექსტში: ქართველი ხალხი გაღატაკებულია, იჩაგრება, იტანჯება, უსამართლობას ითმენს...
აქ კი აქცენტი რადიკალურად შეიცვალა – ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს!
ეს უკვე მსხვერპლის მდგომარეობის აღწერა კი არა, ხალხის ძალაუფლების აღიარებაა.
და ამ ფრაზაში ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილია. პირველი – ივანიშვილისა და მისი გუნდის რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიტიკური შეზღუდვები და ძალის გამოყენების პრაქტიკა მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირება არ არის. ჩემი შეფასებით, ეს შიშის გამოვლინებაცაა. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ლეგიტიმურობაში დარწმუნებულია, საზოგადოების პოლიტიკური ნების ჩახშობას ასეთ ძალისხმევას არ ახმარს. მეორე – ეს საოცრად ოპტიმისტური და ღრმა შინაარსის ფორმულაა. „გეშინოდეთ ქართველი ხალხის!“ და ეს მხოლოდ სლოგანი არ არის.
აქ შიში არ გულისხმობს ქვას, თოფს ან ძალადობას. ეს არის შიში თავისუფალი მოქალაქის, საკუთარი უფლებების მცოდნე საზოგადოების, სოლიდარობისა და იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაშე, რომლისგანაც ვერც ერთი ხელისუფლება სამუდამოდ ვერ დაიცავს თავს.
ამიტომ ფრაზა მხოლოდ ხელისუფლებას კი არ მიმართავს, თავად საზოგადოებასაც ახსენებს საკუთარ ძალას. ხალხს, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ დაზარალებულად აღიქვამს, უჭირს პოლიტიკური სუბიექტის როლის დაბრუნება. ხოლო საზოგადოება, რომელიც აცნობიერებს, რომ ძალაუფლების წყაროა, ხელისუფლებისგან მოწყალებას კი არა, ანგარიშვალდებულებას მოითხოვს.
სწორედ ეს არის ამ ფრაზის მთავარი პოლიტიკური და ფილოსოფიური ღირებულება – შიშის მიმართულების შეცვლა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეს ხელისუფლების არ უნდა ეშინოდეს. ხელისუფლებას კი ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ხალხის წინაშე პასუხისგება მისი არჩევანი არ არის – ვალდებულებაა.
და რაც უფრო ადრე გააცნობიერებს ამას საზოგადოება, მით უფრო რეალური გახდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოთხოვნა მათგან, ვინც დღეს თავს ამ პასუხისმგებლობის მიღმა აყენებს.
ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, ვისაც მის წინაშე პასუხი არ აქვს. არა იმიტომ, რომ ხალხი ვინმეს ემუქრება, არამედ იმიტომ, რომ საბოლოო სიტყვა სწორედ ხალხს ეკუთვნის.“