ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ვითარება კატასტროფულია და ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანას იზოლაციისა და გაპარტახებისკენ მიიყვანს.
ამის შესახებ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილის განცხადებით, ბათუმი ის ქალაქია, საიდანაც, მისი შეფასებით, ხელისუფლების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტალღა წამოვა.
„ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის. ყველაზე კარგად ბათუმმა გაიგო, რა იყო კეთილდღეობა, თავისუფლება და განვითარება. ყველაზე მეტად ბათუმელების იმედი მაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში სოფლები იცლება, სოფლის მეურნეობა მცირდება, მოსახლეობის ნაწილი კი ქალაქებში გადადის, სადაც ტაქსით მუშაობს და ქირით ცხოვრობს, შემდეგ კი ემიგრაციაში წასვლას ცდილობს.
სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს და გააკრიტიკა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შეფასება. მისი თქმით, რევოლუციის უცხოეთის დავალებით განხორციელებულ უკანონო სახელმწიფო გადატრიალებად წარმოჩენა ისტორიული მოვლენების დამახინჯებაა.
„ვარდების რევოლუცია იყო ის მოვლენა, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნამდვილი სახელმწიფო ინსტიტუტები, ნამდვილი სახელმწიფო განვითარება და საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად აქცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი შეფასებით, ვარდების რევოლუციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აჭარის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ დაბრუნებასა და ბათუმის შემდგომ განვითარებაში. სააკაშვილის თქმით, რევოლუციის უკანონოდ გამოცხადება აჭარისა და ბათუმის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის ისტორიულ კონტექსტსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
სააკაშვილი ასევე შეეხო ერგნეთის ბაზრობის საკითხს და განაცხადა, რომ მისი დახურვა და შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურებოდა. მისი თქმით, ამ ნაბიჯების გარეშე ქვეყანა პენსიებისა და ხელფასების ზრდას და ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებას ვერ შეძლებდა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების ფარგლებში 2006 წელს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და დაკავების საკითხიც არასწორად არის შეფასებული. სააკაშვილის მტკიცებით, აღნიშნული ქსელი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და მის წევრებს დივერსიული მოქმედებების მომზადებაში ადანაშაულებდა.
სააკაშვილმა ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზეც და გააკრიტიკა ამ მოვლენების საქართველოს ხელისუფლების მიერ პროვოცირებულ დანაშაულად წარმოჩენა. მისი განცხადებით, ომის ამგვარი შეფასება საქართველოს სამხედროების გმირობის დაკნინებას ემსახურება.
„მათ უნდათ გააუქმონ ანწუხელიძის, შინდისის გმირებისა და სხვების გმირობა. ეს ჩვენი გმირული თავდაცვა ანტისახელმწიფოებრივად გამოაცხადეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, თუ არსებული ხელისუფლება ქვეყნის მართვას გააგრძელებს, საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„ეს ქვეყანა არა თუ იზოლაციამდე, არამედ სრულ გაპარტახებამდე მივა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილი ასევე შეეხო ბათუმში როინ შავაძის მკვლელობის საქმეს. მან შავაძე საქართველოს სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლად მოიხსენია და განაცხადა, რომ იგი 2008 წელს რუსეთის დაზვერვას ქართული ჯარების განლაგებისა და შესაძლო დაბომბვის ადგილების შესახებ ინფორმაციას გადასცემდა.
„ხშირად მესმის ბათუმში, პროცესი რომ მიმდინარეობს, რომ როინ შავაძის მკვლელობა არ გამოიძიესო. იცით ვინ იყო როინ შავაძე? ის იყო მოღალატე, საქართველოს სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების განლაგებას, კოორდინატებს და დასაბომბ ადგილებს. ის რომ ნასამართლევი ყოფილიყო, 2012 წელს აუცილებლად გაუშვებდნენ, როგორც პოლიტპატიმარს,”- განაცხადა სააკაშვილმა.