იტალიის ელჩმა ბიზნესწრეებთან საქართველო-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან საქართველო-იტალიის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.
ელჩი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მიეძღვნა. მას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა უმასპინძლა.
დ’ანტუონომ ხაზი გაუსვა იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომლებიც მრავალწლიან მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ეფუძნება. მისი თქმით, სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, იტალია ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს მეორე პარტნიორია.
ელჩმა ასევე ისაუბრა იტალიური წარმოების შესაძლებლობებზე ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მშენებლობის, სასურსათო წარმოებისა და ინოვაციების მიმართულებით.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ იტალიასა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას, ორი ქვეყნის სამეწარმეო წრეებს შორის კავშირების გაძლიერებას, ახალი პარტნიორობის განვითარებას, განსაკუთრებით, იმ დარგებში, სადაც სულ უფრო მზარდია მოთხოვნა მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე“, — განაცხადა დ’ანტუონომ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც AmCham Georgia-ს, იტალიურ-ქართული სავაჭრო პალატისა (ITAGEO) და ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარების, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველო-იტალიის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.