პოლიტიკა
    2026-10-27 | 13:26

    თუ ხელისუფლების კრიტიკა და არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველია, საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა - ანა წითლიძე

    თუ ხელისუფლების კრიტიკა და არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველია, საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა - ანა წითლიძე

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია და პოლიტიკური ოპონენტების გასაქრობად არის მიმართული.

    ამის შესახებ წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტების წარდგენისას განაცხადა.

    მისი თქმით, სასამართლოში განიხილება არა მხოლოდ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხი, არამედ ისიც, სად გადის ზღვარი კონსტიტუციური წესრიგის დაცვასა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სახელმწიფო უფლებამოსილების გამოყენებას შორის.

    „მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სარჩელს არ აქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია, ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც სრულად ამახინჯებს კონსტიტუციური სამართლის და ევროპული სასამართლოს ფუნდამენტურ პრინციპებს“, — განაცხადა წითლიძემ.

    მისი განმარტებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა უკიდურესი ზომაა და მისი გამოყენება მხოლოდ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მყისიერი, რეალური და უტყუარი საფრთხის არსებობის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი.

    წითლიძის შეფასებით, მოსარჩელე მხარე ცდილობს, აღნიშნული მექანიზმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენოს და ხელისუფლების კრიტიკა დემოკრატიული წესრიგის უგულებელყოფად წარმოაჩინოს.

    მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიციისთვის პოლიტიკური უმოქმედობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს წარსულში ძალადობის შემთხვევებზე მათი რეაქციების შესახებ კითხვები დაუსვა.

    „პოლიტიკური უმოქმედობისთვის ოპოზიციისთვის ბრალის წაყენება არის ავტორიტარული მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი აზრის ჩახშობას“, — აღნიშნა წითლიძემ.

    მისი თქმით, მოსარჩელე მხარის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი უკავშირდება იმას, რომ 2016 წლიდან პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას უარყოფდნენ.

    წითლიძის შეფასებით, ხელისუფლების კრიტიკის, არჩევნების შედეგების გაპროტესტებისა და ბოიკოტის სახელმწიფო წესრიგის ხელყოფად წარმოჩენა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

    „მრავალპარტიულ დემოკრატიაში საარჩევნო პროცესების შეფასება, ხმების დაცვა და გაყალბებული შედეგების არ აღიარება, ოპოზიციის მთავარი უფლება და მოვალეობაა საქართველოს მოქალაქეების წინაშე“, — განაცხადა მან.

    წითლიძის განცხადებით, თუ ხელისუფლების კრიტიკული დამოკიდებულება და არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი გახდება, ეს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის დასრულებასა და ერთპარტიული მმართველობის დამყარებას ნიშნავს.

    მსგავსი სტატიები