სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის გზა - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობაში დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციის გზა აირჩია.
ამის შესახებ პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში დაძაბულობისა და კონფრონტაციის რიტორიკა დომინირებს, რაც ევროკავშირის შექმნის იდეას ეწინააღმდეგება.
„სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის გზა. ეს, რა თქმა უნდა, არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დომინირებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებულები არიან დაძაბვისკენ, კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც აბსოლუტურად რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუმ და წამყვანის ქცევამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების პრობლემა ნათლად წარმოაჩინა.
„თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე და ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის და ნებისმიერ საკითხზე საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის დარწმუნებაზე, რომ ის არის მართალი. ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირს დიალოგისა და საგნობრივი დისკუსიისკენ მოუწოდებს, თუმცა, მისივე შეფასებით, ევროკავშირი ბრალდებების ენით საუბრობს და დიალოგზე უარს ამბობს.