უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა პაკისტანის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ლიბანის, ნიგერიის, უგანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, იემენის, ლიბიის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები – ჯამში, 83 პირი.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოდან უკვე გაძევებულია 3 800-ზე მეტი პირი.